ENG
გგონიათ ტაილანდის დედაქალაქს ბანგკოკი ჰქვია?
2485 წაკითხვა
ავტორი:SEED საქართველო
Shutterstock

სახელი ბანგკოკი 200 წელზე მეტია, რაც ტაილანდში აღარ გამოიყენება. ტაილანდის დედაქალაქს კრუნგ თეპი ჰქვია.

ქალაქის ეს ყოველდღიური სახელი, რომელიც „ანგელოზების ქალაქს“ ნიშნავს (როგორც ლოს-ანჯელესი), მისი ოფიციალური დასახელების შემოკლებული ვარიანტია. ის მსოფლიოში ადგილის ყველაზე გრძელი სახელია.

ევროპელების მიერ (და მათ  ყველა ენციკლოპედიაში) ტაილანდის დედაქალაქის ჯიუტად ბანგკოკად მოხსენიება დაახლოებით იგივეა, ტაილანდელები რომ ამტკიცებდნენ, ბრიტანეთის დედაქალაქს ბილინგსგეიტი ან უინჩესტერი ეწოდებაო.

ბანგკოკი ერქვა პატარა თევზსაჭერ პორტს. 1782 წელს მეფე რამა I-მა იქ დედაქალაქი გადაიტანა, მის ადგილზე ქალაქი ააგო და სახელიც შეუცვალა.

კრუნგ თეპის სრული ოფიციალური სახელია კრუნგთეპ მაჰანაკხონ ამონრ რატტანაკოს მაჰინტარა იუდთხაია მაჰადილოკ პოჰპ ნოპარატ რაჯატხანე ბურირომ უდომრაჯნივეს მაჰასატარნ ამორნ პიმარნ ავალტარნსატიტ საკატატია ვისანუკრამ პრასიტ.

ტაილანდურ ენაში ის იწერება, როგორც 152 ასო-ბგერის ან 64 მარცვლისგან შემდგარი ერთი სიტყვა.

სახელწოდება დაახლოებით ითარგმნება, როგორც „ანგელოზთა დიადი ქალაქი, ღვთაებრივი განძის უზენაესი საცავი, დიადი უძლეველი მიწა, დიდებული და განთქმული სამეფო, ცხრა კეთილშობილი ქვით სავსე თვალწარმტაცი დედაქალაქი, უმაღლესი სამეფო საცხოვრებელი და დიდებული სასახლე, რეინკარნირებული სულების ღვთაებრივი ნავსაყუდელი და საცხოვრებელი ადგილი“.

სახელწოდება „ბანგკოკის“ პირველი ნაწილი წარმოსდგება ტაილანდური სიტყვიდან „ბანგ“, რაც სოფელს ნიშნავს. ვარაუდობენ, რომ მეორე ნაწილი წარმოიშვა ძველტაილანდური სიტყვიდან „მაკოკ“, რომელიც რაიმე ხილს აღნიშნავს (ზეთისხილს, ქლიავს ან ორივეს). ასე რომ, ის შეიძლება ყოფილიყო „ზეთისხილის სოფელი“ ან „ქლიავების სოფელი“. თუმცა ზუსტად ეს არავინ იცის და არც არავის ადარდებს.

კრუნგ თეპი (ან ბანგკოკი, თუ ასე გსურთ) ერთადერთი ქალაქია ტაილანდში. ის თითქმის ორმოცჯერ დიდია, ვიდრე ქვეყნის ქალაქის ტიპის მეორე ყველაზე დიდი დასახლება.