ENG
დინოზავრის ტკიპები ქარვამ შემოინახა
931 წაკითხვა

ტკიპები 99 მილიონი წლის წინათ შებუმბლულ დინოზავრებს სისხლს სწოვდნენ. ქარვამ უძველესი პარაზიტები შესანიშნავად შემოინახა. აღმოჩენილი ნიმუშები ტკიპასა და დინოზავრებს შორის პარაზიტული ურთიერთობის პირველი მტკიცებულებაა.

ერთ-ერთი ტკიპა რეპტილიის ბუმბულზე არის მიმაგრებული. მეორე სიკვდილის მომენტში დინოზავრის სისხლით იყო სავსე, რადგან ნორმალურ ზომას რვაჯერ აღემატება. ამ გადაშენებულ სახეობას მკვლევრებმა Deinocroton draculi, „დრაკულას საზარელი ტკიპა“, უწოდეს.

მეცნიერება ქარვაში შემონახული ორგანიზმებიდან მემკვიდრეობის მოლეკულის გამოყოფის იმედი გადაეწურათ. დნმ მეტისმეტად არამდგრადი მოლეკულაა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთ ძველ ნამარხებში შემოინახოს, ამბობს პერეს-დე ლა ფუენტე, „Nature Communications“-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორი ოქსოფრდის უნივერსიტეტიდან. ის დასძენს, რომ განამარხების პირობები ქარვაში, ექსტრემალური გაუწყლოვნება და ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა დნმ-ს შესანახად საშინელი პირობებია.

ქარვაში ჩინებულად შემონახული ტკიპები და 2016 წელს აღმოჩენილი 99 მილიონი წლით დათარიღებული უძველესი რეპტილიის ფრთა უძველესი ცხოველების გაცოცხლების იმედს არ იძლევა, სამაგიეროდ იურული პერიოდის ცხოველების ცხოვრების ნირზე ბევრს გვიამბობს.