ENG
პერიოდული შიმშილის სარგებელი
421 წაკითხვა
ავტორი:თამარ შალამბერიძე
Shutterstock

ბრიტანეთის ასაკის შემსწავლელი ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარი, დოქტორი მარკ მეტსონი ნეირომეცნიერებათა ლაბორატორიას ხელმძღვანელობს, სადაც 40 ვირთაგვას გამოყენებით, მკვლევართა გუნდმა შექმნა კვების მართვის განსაკუთრებული მოდელი. ცდისპირებს ერთი დღის განმავლობაში ეძლეოდათ საკვები შეუზღუდავად, მეორე დღეს კი საერთოდ არ კვებავდნენ მათ. ასე გრძელდებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში და პარალელურად ხდებოდა ვირთაგვების თავის ტვინის აქტივობის ჩაწერა.

გუნდის დაკვირვებით, ვირთაგვები გაცილებით უფრო ფხიზლად გამოიყურებოდნენ. მათი თავის ტვინის ის უბნები კი, რომლებიც მეხსიერებასა და დასწავლაში მონაწილეობენ, უფრო მეტად იყო გააქტივებული.

მეტსონი გვიხსნის, რომ როდესაც ორგანიზმი არ იღებს საკვებს 10-14 საათის განმავლობაში, ის იწყებს ზედმეტი ცხიმის მარაგის დაშლას, რათა მიიღოს სასიცოცხლოდ საჭირო ენერგია. ეს, რა თქმა უნდა, იწვევს წონაში კლებას, თუმცა ამასთანავე, ცხიმის ენერგიად გარდაქმნის პროცესში გამოიყოფა კეტონები, რომლებიც მოქმედებს უშუალოდ ნერვულ უჯრედზე და იწვევს ნეიროტროპული ჰორმონის (BDNF) გამოყოფას, რაც აძლიერებს კოგნიტურ ფუნქციას და, შესაძლოა, ნერვული ქსოვილის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებაშიც მონაწილეობდეს.