ENG
რა ფერისაა მარსი?
949 წაკითხვა
ავტორი:SEED საქართველო
Shutterstock

მარსი ღია ყავისფერია ნარინჯისფერი ელემენტებით. შეიძლება ხაკისფერიც კი ეწოდოს მკრთალი ვარდისფერი უბნებით.

მარსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დამახასიათებელი ნიშანი მისი წითელი ფერია ღამის ცაზე. თუმცა, ეს სიწითლე პლანეტის ატმოსფეროში არსებული მტვრითაა გამოწვეული. მარსის ზედაპირი სხვა რამეზე მეტყველებს.

მარსიდან პირველი სურათები „ვიკინგ 1-მა“ გამოგზავნა. ნილ არმსტრონგის მიერ მთვარეზე ფეხის დადგმამდე შვიდი წლით ადრე. სურათებზე ქვებით მოფენილი უდაბური წითელი ხმელეთი მოჩანდა - სწორედ ის, რასაც ველოდით.

ამან ეჭვები გაუჩინა შეთქმულების თეორიის მომხრეებს: ისინი ამტკიცებდნენ, რომ NASA-მ წინასწარგანზრახულად გააყალბა სურათები, რათა უფრო ახლობელი ყოფილიყო ადამიანებისთვის.

ეს ორი „ვიკინგის“ კამერა, რომლებმაც 1976 წელს მარსს მიაღწია, ფერად ფოტოებს არ იღებდა. ციფრული შავ-თეთრი გამოსახულებები სამფეროვან ფილტრში გაატარეს.

ამ ფილტრების რეგულირებით „რეალურად“ ფერადი გამოსახულების მიღება საკმაოდ რთულია და იმდენად ხელოვნურია, რამდენადაც თვითონ მეცნიერება. იმის გამო, რომ მარსზე ჯერ არავინ ყოფილა, ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, „ჭეშმარიტად“ რა ფერისაა ის.

2004 წელს „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ დაწერა, რომ მარსის ადრეული ფერადი სურათები ოდნავ ზედმეტად იყო „გავარდისფრებული“, თუმცა შემდგომმა კორექტირებამ აჩვენა, რომ პლანეტის ზედაპირი უფრო ღია ყავისფერი უნდა ყოფილიყო.

უკანასკნელი ორი წლის გამავლობაში მარსზე NASA-ს როვერი „სპირიტი“ მუშაობს. ბოლოს გამოქვეყნებულ სურათებზე მოჩანს მომწვანო-ყავისფერი, მღვრიე ფერის ლანდშაფტი ნაცრისფერ-ლურჯი ქანებითა და ნარინჯისფერ-ვარდისფერი ქვიშის უბნებით.

სავარაუდოდ, მარსის „ნამდვილი“ ფერი არ გვეცოდინება მანამ, სანამ იქ ვინმე არ გაემგზავრება.

1887 წელს იტალიელმა ასტრონომმა ჯოვანი სკიაპარელიმ განაცხადა, რომ მარსზე გრძელი სწორი ხაზები დაინახა, რომლებსაც „არხები“ უწოდა. შეცდომით ის ითარგმნა, როგორც „სარწყავი არხი“, რამაც დასაბამი დაუდო ხმებს დაკარგული ცივილიზაციის შესახებ მარსზე.

ფიქრობენ, რომ მარსზე წყალი ორთქლის ფორმით არსებობს, ხოლო პოლარულ ყინულოვან მწვერვალებზე - ყინულის სახით, თუმცა უფრო მძლავრი ტელესკოპების შექმნის მომენტიდან, სკიაპარელის „არხების“ არანაირი მტკიცებულება არ აღმოუჩენიათ.

არაბულად კაირო, ანუ „al-Qahirah“, მარსს ნიშნავს.

მარსი
მარსი