ENG
როგორ გასცემდნენ რომაელი იმპერატორები გლადიატორის მოკვლის ბრძანებას?
692 წაკითხვა
ავტორი:SEED საქართველო
Shutterstock

უმრავლეობა ფიქრობთ, ცერა თითის დაბლა დაშვებით, არა? შეცდით! პასუხი საპირისპიროა - ცერა თითის მაღლა აწევით!

არც რომაელ მაყურებელს, რომელიც გამარჯვებულ გლადიატორს დამარცხებულის სიკვდილისკენ მოუწოდებდა და არც რომელიმე რომაელ იმპერატორს დაუხრია ოდესმე ცერა თითი. ფაქტობრივად, რომაელები საერთოდ არ იყენებდნენ ნიშანს „ცერა თითი ქვევით“.

თუ სიკვდილის მოთხოვნა იყო, ცერა თითს ზევით იშვერდნენ, აზიდული ხმლის მსგავსად, დამარცხებულის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ცერს შეკრულ მუშტში მალავდნენ, როგორც ქარქაშში ჩაგებულ იარაღს. ლათინურად ეს გამოითქმებოდა pollicecompresso favor iudicabatur– „კეთილგანწყობა გადაწყვეტილია ცერა თითის დამალვით“.

სანამ რიდლი სკოტი „გლადიატორის“ გადაღებაზე დათანხმდებოდა, ჰოლივუდის პროდიუსერებმა მას მე-19 საუკუნის მხატვრის ჟან-ლეონ გერომის ნახატი Pollice Verso აჩვენეს. ნახატზე რომაელი გლადიატორი ელის, თუ როდის გაიშვერს იმპერატორი ცერს ქვევით სასიკვდილო განაჩენის გამოსატანად. სურათმა სკოტი მოხიბლა და იქვე გადაწყვიტა ფილმის რეჟისორობა.

სკოტმა ნამდვილად არ იცოდა, რომ მისი შთაგონების წყარო უკიდურესად მცდარი იყო. ნახატი ერთმნიშვნელოვნად არის პასუხისმგებელი ბოლო ორი საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს შეცდომაზე, კერძოდ იმაზე, რომ „ცერა თითი ქვევით“ სიკვდილს ნიშნავდა.

ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ გერომმა არასწორად გაიგო ლათინური Pollice Verso - „მოტრიალებული ცერის“ მნიშვნელობა, როგორც „ქვევით მიტრიალებულის“, როდესაც სინამდვილეში ის „ზევით ატრიალებულს“ ნიშნავდა.

და თუ კიდევ იყო მტკიცებულება საჭირო, 1997 წელს სამხრეთ საფრანგეთში ჩვ.წ. აღ. II-III საუკუნის რომაული მედალიონი აღმოაჩინეს. მასზე გამოსახულია ორი გლადიატორი ორთაბრძოლის დასასრულს და მსაჯი, რომელიც ცერა თითს შეკრულ მუშტს უჭერს. წარწერაზე იკითხება: „მოწინააღმდეგენი გათავისუფლებულები არიან“.

ცერა თითის ნიშნების გამოყენება, შესაძლოა, ჯერ კიდევ სარისკოდ ორაზროვანი იყოს თანამედროვე სამყაროში. ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ ამერიკასა და რუსეთში ზემოთ აწეული ცერი მეტად უზრდელ შეურაცხყოფად მიაჩნიათ, როგორც დასავლური ნიშანი V. ეს პრობლემად იქცა ერაყში, სადაც ამერიკელმა ჯარისკაცებმა არ იცოდნენ, ადგილობრივები ესალმებოდნენ მათ თუ წინააღმდეგობას გამოხატავდნენ.

„შიშველი მაიმუნის“ ავტორი დესმონდ მორისი ჩაეძია ზემოთ აწეული ცერის დადებით მნიშვნელობებს შუა საუკუნეების ბრიტანეთში, სადაც ის საქმიანი ურთიერთობის დასრულებას გამოხატავდა. ნიშანმა მეორე სიცოცხლე მეორე მსოფლიო ომის დროს შეიძინა, როდესაც ამერიკელი სამხედრო პილოტები მიწიდან აფრენამდე მომსახურე პერსონალს ანიშნებდნენ.

რიდლი სკოტს ბოლოს მაინც უთხრეს ამ შეცდომის შესახებ, მაგრამ მან თავი ვალდებულად ჩათვალა კომოდუსს ზევით აეწია ცერი მაქსიმუსის შესაწყალებლად, რათა „მაყურებელი არ დაებნია“.