ENG
შხამიანი სადილი
71 წაკითხვა
ავტორი:თამარ შალამბერიძე
Shutterstock

მჭექარა ხოჭოს შეუძლია თავდამსხმელისგან გადაყლაპვის შემდეგაც გადარჩეს. ჩაყლაპვის შემდეგ მუცლის ღრუში გაფრქვეული ტოქსიკური ნაერთით იგი ზომით მასზე დიდ მტერსაც კი აიძულებს „სადილი“ უკან ამოაღებინოს.

ცნობილია, რომ მჭექარა ხოჭო თავდაცვისთვის ტოქსიკურ ქიმიურ ნაერთს იყენებს, რომელიც 100 °C-მდე ცხელდება და წანაზარდებიდან გადმოეფრქვევა, როდესაც თავს ესხმიან. თუმცა როგორ ეხმარება მსგავსი ქმედება მასზე სხეულით გაცილებით დიდი მტაცებლისგან თავის დახსნაში, აქამდე უცნობი იყო.

2018 წლის თებერვალში ჟურნალში Biology Letters გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია იაპონიის კობეს უნივერსიტეტის მკვლევრების, შინჯი სუგიურასა და ტაკუია სატოს მიერ ჩატარებულ კვლევაზე. მათ ექსპერიმენტის დროს მჭექარა ხოჭოს სახეობა Pheropsophus jessoensis აჭამეს ორი სახეობის გომბეშოებს: Bufo japonicus და B. torrenticola.

დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გომბეშოთა თითქმის ნახევარმა მოახდინა მწერების რეგურგიტაცია (ამოღებინება). თავად მწერები კი ცოცხლები და უვნებლები იყვნენ.

რეგურგიტაციის მიზეზი მათ მუცელში ჩაყლაპვისთანავე აეროზოლის სახით გაფრქვეული გახურებული ქიმიური ნაერთი იყო, რომელიც საკმარისად ტოქსიკურია იმისთვის, რომ მცირე ზომის თავდამსხმელი მოკლას კიდეც.

„აფეთქება მუცლის ღრუში ხმაურიანი იყო. ეს ხმა იუწყებოდა, რომ P. jessoensis-მა წარმატებით გადმოაფრქვია "ქიმიური სპრეი" ჩაყლაპვის შემდეგ“ - ამბობს კვლევის ავტორი შინჯი სუგიურა.