ENG
ვინ გამოიგონა ბურთულიანი კალამი?
2374 წაკითხვა
ავტორი:SEED საქართველო
Shutterstock

სანამ ბურთულიან კალამს გამოიგონებდნენ, წერა საკმაო რუდუნებას მოითხოვდა. საწერი კალამი წამდაუწუმ სამელნეში უნდა ჩაგეყოთ. ხშირად იდღაბნებოდა. ინდური მელანი კი (რომელიც ჩინეთში გამოიგონეს), ნელა შრებოდა ფურცელზე.

ეს პრობლემები პირველად ტყავის მთრიმვლავმა, ჯონ ლაუდმა აღნიშნა 1888 წლის 30 ოქტომბერს დარეგისტრირებულ პატენტში. მან შექმნა კალამი პატარა მბრუნავი ბურთულით წვერზე, რომელსაც მელანი მუდმივად მიეწოდებოდა რეზერვუარიდან. თუმცა მელანი მაინც ჟონავდა, ჩვეულებრივ საწერ-კალამთან შედარებით ის მაინც ბევრად ეფექტური იყო ტყავზე საწერად. ლაუდმა ვერ ისარგებლა თავისი პატენტით. ეს რომ ასე მომხდარიყო, „ლაუდების“ შესახებ ვისაუბრებდით და არა - „ბიროების“.

უნგრელი ლასლო ბირო (1899-1985) თავიდან  მედიცინას სწავლობდა, თუმცა სწავლა არ დაუსრულებია. სანამ ჟურნალისტობას მოჰკიდებდა ხელს, ის ცოტა ხანს ჰიპნოზიორი და ავტომრბოლელიც იყო.

გაზეთის მელანი მისი კალმის მელანზე სწრაფად შრებოდა, ბირო საგონებელში ჩავარდა და თავის ქიმიკოს ძმასთან - გიერჟისთან ერთად, პატარა ბურთულიანი კალამი ააწყო. ბურთულას ბრუნვა წერას უფრო მოსახერხებელს ხდიდა. ასე დაიბადა ბიროს კალამი.

1938 წელს ძმებმა კალამი უნგრეთში დააპატენტეს. ნაცისტებისგან თავის დასაღწევად ისინი 1940 წელს არგენტინაში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც 1943 წელს კალამი ხელახლა დააპატენტეს. კალმის პირველი კლიენტი სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალები გახდა, რადგან კალამი სიმაღლეზე კარგად მუშაობდა. ამის გამო, „ბირო“ ბურთულიანი კალმის სინონიმად იქცა ბრიტანეთში.

საჯარო გაყიდვისათვის ეს კალმები პირველად 1945 წელს დაამზადეს. ამავე დროს, ბირომ კალმის ლიცენზია ფრანგ მარსელ ბიჩს გადასცა.

ბიჩმა თავის კომპანიას „ბიკი“ უწოდა და ბიროს კალმის დიზაინის მოდიფიკაციით პროდუქციის მასობრივად გამოშვებას მიჰყო ხელი, რაც ნიშნავდა, რომ კალმები ძალიან იაფად გაიყიდებოდა.

„ბიკი“ საწერი კალმების მსოფლიო ბაზარზე ლიდერად რჩება 1,38 მილიარდი ევროს წლიური გაყიდვებით. 2005 წელს ფირმამ თავისი ასმემილიარდე კალამი გაყიდა, საუკეთესოდ გაყიდვადი „ბიკ-კრისტალი“ 14 მილიონ კალამს ყიდის დღეში.

არგენტინაში (კალამს „birome“-ს უწოდებენ) ბიროს პატივისცემის ნიშნად,  29 სექტემბერს, მის დაბადების დღეს აღნიშნავენ.