შიშველი მიწისმთხრელები ზოგიერთი სახის ტკივილის მიმართ უგრძნობნი არიან, თითქმის არასდროს ემართებათ სიმსივნე და დაბერებაც არ ეტყობათ. უცნაურ მღრღნელებს მეცნიერებმა ახალი უნარი აღმოუჩინეს, მათ შეუძლიათ 18 წუთზე მეტი გაძლონ ჟანგბადის გარეშე.
2017 წელს ჟურნალ „Science“-ში გამოქვეყნებული კვლევით, ძუძუმწოვარმა, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ სოროებში ცხოვრობს, განივითარა სუნთქვის უჩვეულო მექანიზმი. მას შეუძლია შეწყვიტოს აერობული, ჟანგბადით სუნთქვა და აამოქმედოს ფრუქტოზას მეტაბოლიზმი. ამ ტიპის შაქარს მხოლოდ მცენარეები იყენებენ ჟანგბადის ნაკლებობისას.
ყველა ძუძუმწოვარს გააჩნია გენეტიკური გზები ფრუქტოზა ტვინის და გულის საკვებად მოიხმაროს, თუმცა ის ქსოვილების უმრავლესობისთვის მომწამვლელია და მისი მეტაბოლიზმი ღვიძლსა და თირკმელებში მიმდინარეობს. მხოლოდ შიშველ მიწისმთხრელებს შეუძლიათ ფრუქტოზა სპეციფიკური ფერმენტების საშუალებით ტვინისა და გულისთვის საკვებად გამოიყენოს. ამ ცხოველის სისხლძარღვები ფრუქტოზას დიდ რაოდენობას შეიცავს, რომელსაც ჟანგბადის ნაკლებობისას, ტვინისკენ გზავნის.
გამოქვეყნებული კვლევის თანაავტორი ჯეინ რეზნიკი ამბობს: „ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, როგორ გავააქტიუროთ ეს ფერმენტები გულის შეტევისა და ინსულტის რისკის მქონე პაციენტების ტვინსა და გულში. “წინ დიდი გზაა გასავლელი, თუმცა ამ ძუძუმწოვრის ბიოქიმიის შესწავლამ, შეიძლება, ადამიანებს ინფარქტი და ინსულტი აარიდოს თავიდან.