ENG
რა ფერისაა სტაფილო?
1187 წაკითხვა
ავტორი:SEED საქართველო
Shutterstock

ადამიანის მიერ სტაფილოს გამოყენების ყველაზე ადრეული მტკიცებულება თარიღდება 3000 წლით (ძვ. წ.) ავღანეთში. ეს პირველი სტაფილო გარედან მეწამული იყო, შიგნით კი - ყვითელი.

ძველ ბერძნებსა და რომაელებს ეს ბოსტნეული მოჰყავდათ, თუმცა ძირითადად სამედიცინო დანიშნულებისთვის: სტაფილო მძლავრ აფროდიზიაკად მიიჩნეოდა.

მეორე მხრივ, მეორე საუკუნის ცნობილი რომაელი ექიმი გალენი, სტაფილოს შებერილობის სამკურნალოდ უწევდა რეკომენდაციას. მან პირველმა მოახდინა მისი სისტემატიკური განცალკევება ახლო მონათესავე ძირთეთრასაგან.

როდესაც არაბმა ვაჭრებმა სტაფილო აზიაში, აფრიკასა და არაბეთში გაავრცელეს, სტაფილო მეწამულ, თეთრ, ყვითელ, წითელ, მწვანე და შავ ფერებშიც კი გვევლინებოდა.

პირველი სტაფილოსფერი სტაფილო მეთექვსმეტე საუკუნეში ნიდერლანდებში მოიყვანეს. ეს იყო მათი სამეფო დინასტიის ფერი.

მეჩვიდმეტე საუკუნისთვის ნიდერლანდელები სტაფილოს მთავარი ევროპელი მწარმოებლები იყვნენ და ყველა თანამედროვე სახესხვაობა მათი ოთხი ნარინჯისფერი სტაფილოს ჯიშისგანაა მიღებული: ადრეული ნახევრად გრძელი, საგვიანო ნახევრად გრძელი, ალისფერი და ნარინჯისფერი გრძელი.

დღეს განსხვავებული ფერის სტაფილო მოდაშია: მაღაზიებში ხელმისაწვდომია თეთრი, ყვითელი, მუქი წითელი და მეწამული ჯიშები. 1997 წელს ისლანდიამ გამოიყვანა სტაფილო შოკოლადის არომატით, როგორც  ბავშვებზე ორიენტირებული. ხმარებიდან ის რვა თვის შემდეგ ამოიღეს.

გაეროს მონაცემებით, 1903 წელს სტაფილოს 287 სახეობა არსებობდა. ამჟამად კი ეს ციფრი მხოლოდ ოცდაერთია, რაც 93%-იან შემცირებას ნიშნავს.

სტაფილოს ზოგიერთი ჯიში შეიცავს ცილას, რომელიც აჩერებს ყინულის კრისტალების ზრდას. სტაფილოს ეს ბუნებრივი „ანტიფრიზი“, შესაძლოა, ორგანიზმის ქსოვილების შესანახად გამოიყენონ მედიცინაში ან გაახანგრძლივონ გაყინული საკვების შენახვის ვადა.