ENG
რატომ იშორებენ ველომრბოლელები ფეხიდან თმას?
900 წაკითხვა
ავტორი:SEED საქართველო
Shutterstock

სწორი პასუხი ასეთია: რადგან აშკარად უკეთ გრძნობენ თავს და ასევე ნაკლები პრობლემა ექმნებათ ტრავმის მიღებისას. მოსაზრება, რომ ეს მათ სისწრაფეში აძლევს უპირატესობას, სასაცილოა. „სლიკინა“ ფეხებით პედლების ტრიალი არანაირ აეროდინამიკურ უპირატესობას არ იძლევა.

მართალია მოცურავეებს, რომლებიც ტანიდან თმას იშორებენ, სიჩქარის 2%-ით მომატება შეუძლიათ, მაგრამ ეს წყალში. ველომრბოლელების მიერ ფეხების დეპილაციის (ან ეპილაციის ან უბრალო გაპარსვის) მთავარი მიზეზი ისაა, რომ ეს აადვილებს ჭრილობის გასუფთავებას დაცემის შემთხვევაში. წებოვანი სალბუნი უკეთ ეკრობა (ასევე უფრო უმტკივნეულოდ შორდება). ამასთან, მათ ხშირად ესაჭიროებათ მასაჟი, რაც თმა მოშორებულ ფეხზე უფრო მოსახერხებელია.

ასევე გასათვალისწინებელია ესთეტიკური მხარეც - ის გარეგნობის ნაწილია. 2003 წლის საფრანგეთის ტურნირის დროს ავსტრიელ ველომრბოლელ რენე ჰასელბახერს დაცემისას შორტი გაეხა და გამოაშკარავდა, რომ ყველაფერი გაპარსული ჰქონდა. იქაც კი, სადაც ქარიც ვერ აღწევს.

„ტურ-დე-ფრანსის“ თავდაპირველი იდეა მდგომარეობდა გაზეთ „L'Auto“-ს ეგზემპლარების გაყიდვაში, რაც იმდენად წარმატებული სარეკლამო ტრიუკი აღმოჩნდა, რომ მთლიანად ჩაძირა კონკურენტი გაზეთი „Le Velo“.

პირველი რბოლის (1903 წელს) გამარჯვებული გახდა ცნობილი ფრანგი ველომრბოლელი მორის გარინი, მეტსახელად „ბუხრის მწმენდავი“. მეორე წელს თითქმის ყველამ თაღლითობას მიმართა: ქომაგები მათი ფავორიტების კონკურენტთა გზაზე ლურსმნებს ყრიდნენ, ხოლო შეჯიბრის მონაწილეებს ველოსიპედები ავტომობილებით ან მატარებლითაც კი გადაჰქონდათ. გამარჯვებული ფინიშზე მეხუთე მივიდა, თუმცა რიგში პირველ ოთხ მრბოლელს დისკვალიფიკაცია მისცეს.

მრბოლელებს თვითონ უწევდათ ველოსიპედების შეკეთება. 1913 წელს ევგენი კრისტოფს ველოსიპედის ჩანგალი მოეშვა, ლითონის ნაჭერი ითხოვა და დაამაგრა ის. მიუხედავად ამისა, ის მაინც დასაჯეს დაგვიანებისთვის: სახელდახელო სამჭედლოში მას პატარა ბიჭუნა ეხმარებოდა.

1919 წელს რბოლის მონაწილემ, რომელსაც პირველს შესთავაზეს ყვითელი მაისური (რომელსაც რბოლის ლიდერს ანიჭებენ), უარი თქვა მასზე, რადგან, მისი აზრით, ეს უფრო აშკარა სამიზნედ გახდიდა მეტოქეებისთვის.

საფრანგეთის ტურნირი ურთულესი სპორტული ღონისძიებაა მსოფლიოში, მისი შვიდგზის გამარჯვებულის, ლენს არმსტრონგის ბიოგრაფის, დენ კოილის თანახმად, კვლევებმა აჩვენა, რომ რბოლის მონაწილეები ამ სამკვირიანი ღონისძიების განმავლობაში ყოველდღიურად უფრო მეტ ენერგიას ხარჯავენ, ვიდრე ევერესტზე ამსვლელი ალპინისტები. საჭირო კალორიების მისაღებად მათ ყოველდღე 28 ჩიზბურგერის ეკვივალენტი საკვები უნდა მიიღონ. პირველ ხანებში თაღლითი სპორტსმენები ალკოჰოლს და ეთერს იყენებდნენ არა სიჩქარის გასაუმჯობესებლად, არამედ ტკივილის დასაამებლად.

1111