მართლაც, რას ატარებდნენ სენბერნარები კისერზე? უმრავლესობამ ვიცით, რომ ისტორიულად, ეს იყო ბრენდი (ქართველები შეცდომით „კონიაკს“ რომ ვუწოდებთ), რომელიც ამ მაშველი ძაღლის კისერზე შებმულ კასრში ესხა და თოვლში გაყინული ცოცხალმკვდარი ადამიანების პოვნისას იყო საჭირო მათ გასათბობად. ოღონდ ეს ტყუილია. რა ესხა კასრში?
ამ ამბავში ორი დიდი ტყუილ-შეცდომაა: პირველი, სენბერნარებს არასოდეს უტარებიათ ბრენდით სავსე კასრები და მეორე, ჰიპოთერმიის დროს ბრენდის დალევა კატასტროფული შეცდომაა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ტურისტებს ყოველთვის მოსწონდათ ეს ამბავი და წარმოიშვა კასრიანი ძაღლის მითი, რომელიც შვეიცარიის ერთ-ერთი სიმბოლოა.
ისტორიულად, სანამ სამთო-სამაშველო ძაღლებად გაწვრთნიდნენ, ბერები სენბერნარებს საკვების გადასატანად იყენებდნენ მონასტრის თავშესაფარში, დიდი სენ-ბერნარის უღელტეხილზე - შვეიცარიის იტალიასთან დამაკავშირებელ ალპურ მარშრუტზე. დიდი ზომის, დამჯერი ხასიათის ძაღლები კარგი სასაპალნე ცხოველები იყვნენ.
ბრენდის კასრი, დედოფალ ვიქტორიას რჩეული ახალგაზრდა ინგლისელი მხატვრის, სერ ედვინ ლანდსირის (1802-73) იდეა იყო. ის პეიზაჟებსა და ცხოველებს ხატავდა და მას სახელი გაუთქვა, ერთი მხრივ, ფერწერულმა ტილომ „გლენის მონარქი“, მეორე მხრივ კი ლომების ქანდაკებებმა ნელსონის სვეტის პედესტალთან ლონდონში, ტრაფალგარის მოედანზე.
1831 წელს მან დახატა სცენა „ალპური მასტიფები განსაცდელში მყოფ მოგზაურს შველიან“. მასზე გამოსახული იყო ორი სენბერნარი, ერთი - ბრენდით სავსე მინიატურული კასრით კისერზე. მსგავს ასოციაციებს სენბერნარები მას შემდეგ იწვევენ. ლანდსირს ასევე მიეწერება ამ ჯიშისათვის „სენბერნარის“ სახელის პოპულარიზაცია (ალპური მასტიფის ნაცვლად).
თავდაპირველად, სენბერნარებს „ბარი მონადირე ძაღლების“ სახელით იცნობდნენ. ეს დამახინჯებული ფორმაა გერმანული სიტყვის „baren” და „ზიდვას“ ნიშნავს. ერთ-ერთი პირველი მაშველი ცნობილი იყო სახელით Barry the Great (დიდი ბარი), რომელმაც 1800-1814 წლებში ორმოცი ადამიანი იხსნა. სამწუხაროდ, ორმოცდამეერთემ მოკლა - მგელი ეგონა.
ამჟამად, ბარის ფიტული ბერნის ბუნების ისტორიის მუზეუმში დგას. სენბერნარის ბერთა თავშესაფარში კი ყოველი ნაყარის საუკეთესო ხვად ლეკვს ბარის არქმევენ.
გაანგარიშებულია, რომ 1800 წლიდან ამ ძაღლებმა 2500-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს. ბოლო 50 წელიწადში ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, ამიტომ მონასტერმა მათი გაყიდვა გადაწყვიტა და სანაცვლოდ ვერტმფრენები შეიძინა.