ENG
სამედიცინო დახმარება დაჭრილი ჭიანჭველებისთვის
1483 წაკითხვა
ავტორი:ანანო მაისურაძე
Shutterstock

ვურცბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აფრიკულ ჭიანჭველებში (Megaponera analis) უნიკალური ქცევა აღწერეს.

ჭიანჭველების ეს სახეობა ფართოდაა გავრცელებული სუბსაჰარულ აფრიკაში. ისინი დღეში 2-4-ჯერ, 200-600 ინდივიდისგან შემდგარ ჯგუფებად იკვრებიან, თავს ესხმიან ტერმიტებს და ჭამენ. ნადირობისას ძალიან ბევრი ჭიანჭველა კვდება ან ზიანდება. ისინი, ძირითადად, კიდურებს კარგავენ. დაჭრილი მწერი ქიმიურ ნივთიერებას გამოყოფს, რომლითაც სხვებს ატყობინებს, რომ შველა სჭირდება. მას უკან, ბუდეში, აბრუნებენ.

ბუდეში დაბრუნების შემდეგ, ჭიანჭველები სპეციალურ „ სამედიცინო“ დახმარებას იღებენ; თანამოძმეები ღია ჭრილობებს რამდენიმე წუთის განმავლობაში ნერწყვით უმუშავებენ.

„ვვარაუდობთ, რომ ამას ჭრილობების გასაწმენდად აკეთებენ. შესაძლოა, ნერწყვს ანტისეპტიკური ფუნქციაც ჰქონდეს, რომელიც დაზარალებულს მიკრობული და სოკოვანი ინფექციებისაგან იცავს“, - ამბობს ერიკ ფრანკი 2018 წლის 13 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში.

ფაქტია, დახმარების გაწევის შემთხვევაში დაჭრილი ჭიანჭველების მხოლოდ 10% იღუპება, დახმარების გარეშე კი- 80%.

იულიუს-მაქსიმილიანსის ვურცბურგის უნივერსიტეტის ბიოლოგებს სჯერათ, რომ მწერების სხვა არცერთ სახეობას ახასიათებს მსგავსი ქცევა. მეტიც, ეს მთელ ცხოველთა სამყაროში უნიკალური შემთხვევაა.