ENG
რომელია ყველაზე პატარა ძაღლი მსოფლიოში?
3301 წაკითხვა
ავტორი:SEED საქართველო
Shutterstock

ყველაზე პატარა აღრიცხული ძაღლი (ინდივიდი) იორკშირული ტერიერი გახლდათ. მისი  პატრონი კი, არტურ მარპლსი ბლექბერნიდან. მხრებამდე 6,5 სმ სიმაღლისა და ცხვირის წვერიდან კუდის ბოლომდე 9,5 სმ სიგრძის ძაღლი 113 გრამს იწონიდა. ის 1945 წელს დაიღუპა.

ითვლება, რომ მსოფლიოში ძაღლის ყველაზე პატარა ჯიში ჩიხუახუაა. მიუხედავად ამისა, მსოფლიო რეკორდების გინესის წიგნის მიხედვით, დღევანდელი ყველაზე პატარა ძაღლის რეკორდი არ არის აუცილებელი მხოლოდ ერთ ჯიშს ეკუთვნოდეს.

ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რას გულისხმობთ „ყველაზე პატარაში“. ამჟამად რეკორდს იყოფენ ჩიხუახუა (ყველაზე მოკლე) და იორკშირული ტერიერი (ყველაზე დაბალი).

ძაღლის 400-ზე მეტი ჯიში არსებობს. ყველა ერთი სახეობის წარმომადგენელია. შესაძლებელია, ნებისმიერი ჯიშის ძაღლების შეჯვარება. მსოფლიოში არცერთ სხვა არსებას არ გააჩნია ფორმებისა და ზომების ასეთი ფართო დიაპაზონი. ამის მიზეზი კი არავინ იცის.

ძაღლების უნიკალური სხვადასხვაგვარობა ადამიანის ჩარევითაა გამოწვეული, თუმცა საოცარი ისაა, რომ ძაღლის ყველა ჯიში მგლის (Canis lupus) შთამომავალია.

რაღაც უცნობი მიზეზით, ძაღლების ჯიშების შეჯვარებისას, ორი ტიპის ნიშნების მქონე ნაშიერის ნაცვლად, ხშირად სრულიად მოულოდნელი რამ გაჩნდება ხოლმე, ეს ახალი „ჯიში“ ასევე ინარჩუნებს ხოლმე ჯიშთაშორისი შეჯვარების უნარს.

ჩიხუახუას სახელი მექსიკის შტატის მიხედვით უწოდეს, რადგან მიაჩნდათ (ტოლტეკების და აცტეკების ნახატების საფუძველზე), რომ ეს ჯიში იქაურობის მკვიდრი იყო. თუმცა არანაირი არქეოლოგიური ნაშთები არ არსებობს ამ შეხედულების გასამტკიცებლად. ამჟამად ფიქრობენ, რომ გამოსახული ცხოველი, დიდი ალბათობით, მღრღნელის ნაირსახეობაა.

უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ამ ჯიშის წინაპრები ესპანელმა ვაჭრებმა ჩინეთიდან ჩამოიყვანეს, სადაც ჯუჯა მცენარეებისა და ცხოველების გამოყვანას დიდი ხნის ისტორია აქვს.

მექსიკაში პოპულარობით სარგებლობს ჩიხუახუას ყველი, თუმცა მისი სახელი შტატიდან მომდინარეობს და არა ძაღლისგან.

555