აკნე რომ მხოლოდ დერმატოლოგიური პრობლემა არ არის, ამას კიდევ ერთხელ ამტკიცებს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ელექტრონული სამედიცინო მონაცემთა ბაზის ანალიზი, - ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებში კლინიკური დეპრესიის რისკი მნიშვნელოვნად იმატებს.
გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის გაუმჯობესების ქსელის (THIN) 1986-2012 წლების მონაცემთა შეჯერების შედეგად დადგინდა, რომ აკნეს დიაგნოზის დასმიდან ერთი წლის განმავლობაში, პაციენტებში დეპრესიის განვითარების რისკი დანარჩენ პოპულაციაზე 63%-ით მაღალია. რისკი მომდევნო წლებში იკლებს და ხუთ წელიწადში ძირითადი მოსახლეობის მაჩვენებელს უთანაბრდება, რაც განამტკიცებს ვარაუდს, რომ „დამნაშავე“ სწორედ აკნეს დიაგნოზია.
კვლევა 2018 წლის 7 თებერვალს, British Journal of Dermatology-ში გამოქვეყნდა. კვლევის ავტორის, კალგარის უნივერსიტეტის (კანადა) დოქტორანტის, იზაბელ ვალერანდის თქმით, დეპრესიის ალბათობის გაზრდა დერმატოლოგთან პირველი ვიზიტის შემდგომ კიდევ ერთხელ გამოკვეთს მკაფიო კავშირს კანის პრობლემებსა და მენტალურ ჯანმრთელობას შორის.
შედეგები მოწმობს, რომ მნიშვნელოვანია, ექიმებმა აკნეს მქონე პაციენტებთან განწყობის ცვლილებებზე ყურადღება გაამახვილონ და საჭიროებისამებრ, მკურნალობაში ფსიქიატრი ჩართონ.