ENG
წნევას უჩივით? საუნაში შეიარეთ!
40 წაკითხვა
ავტორი:თამარ რატიშვილი
Shutterstock

ფინელ მკვლევრებს საინტერესო ახალი ამბავი აქვთ - შესაძლოა, საუნაში დროის გატარება ჰიპერტენზიის, ანუ მაღალი არტერიული წნევის, რისკს ამცირებდეს.

ფინეთში საუნა დასვენებისა და მოდუნების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალებაა. აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევაში ჩართული იყვნენ მამაკაცები, რომლებიც სხვადასხვა სიხშირით, კვირაში ერთხელ მაინც, მიმართავდნენ განტვირთვის ამ მეთოდს. 22- წლიანი დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ კაცებს, რომლებიც კვირაში 4-7-ჯერ სტუმრობდნენ საუნას, ჰიპერტენზიის რისკი 46%-ით აქვთ შემცირებული, ვიდრე მათ ვინც ამას კვირაში ერთხელ ან უფრო იშვიათად აკეთებს. შედეგების ანალიზისას გათვალისწინებული იყო სხვა რისკ-ფაქტორებიც, მაგალითად, მოწევა, სიმსუქნე და ა.შ. კვლევა 2017 წლის ნოემბერში American Journal of Hypertension-ში გამოქვეყნდა.

საუნაში სიარულის სიხშირესა და ჰიპერტენზიას შორის მიზეზშედეგობრივ კავშირზე საუბარი ჯერ ადრეა, ამას შემდგომი კვლევა სჭირდება. მიუხედავად ამისა, მკვლევრების თქმით, საუნაში რეგულარული სიარული, შესაძლოა, არტერიული ჰიპერტენზიის პრევენციის ერთ-ერთ საშუალებად მოგვევლინოს, ეს სასიამოვნოცაა და არც მსხვერპლს მოითხოვს.