ENG
დედაზე ერთი წლით უმცროსი შვილი
20 წაკითხვა
ავტორი:თამარ რატიშვილი
Shutterstock

ემა გიბსონი 2017 წლის ნოემბერში ტენესიში დაიბადა, მაგრამ მისი ჩასახვიდან არც მეტი, არც ნაკლები - 25 წელია გასული. 1992 წელს ლაბორატორიაში შესანახად გაყინული ემბრიონი დღეს ჯანმრთელი გოგონაა.

ემას „ახალი“ მშობლები გაკვირვებულები იყვნენ, როდესაც გაიგეს, რომ მათთვის გამოდნობილი ემბრიონი ამდენად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინახებოდა. მართლაც, დოკუმენტირებული შემთხვევებიდან, ეს ყველაზე „ხანდაზმული“ ემბრიონია, რომელიც ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად დაიბადა. ემა თავის დედაზე, თინა გიბსონზე, მხოლოდ ერთი წლით გვიან ჩაისახა, რაც ოჯახის აღფრთოვანებას იწვევს.

გაყინული ემბრიონიდან განვითარებულ ბავშვებს ზოგჯერ „თოვლის ბავშვებს“ უწოდებენ. გამოდნობის შემდეგ, გაყინული ემბრიონი, ინ ვიტრო მეთოდით, დედობის მსურველი ქალის საშვილოსნოში იმპლანტირდება.

ბიოლოგიურად ემა სულ სხვა წყვილის შვილია, რომლებმაც ასევე ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდს მიმართეს. ამ დროს, კვერცხუჯრედის განაყოფიერების შედეგად რამდენიმე ემბრიონი მიიღება. წარმატებული იმპლანტაციის შემდეგ, ზოგჯერ რამდენიმე ემბრიონი „ზედმეტი“ რჩება. სწორედ ასე მოხდა ემას შემთხვევაში. ბიოლოგიური მშობლების კეთილი ნებით, ემბრიონი დონაციის ეროვნულ ცენტრში გაყინეს.

რეპროდუქციული მედიცინის ამერიკული საზოგადოების წარმომადგენელი, შონ ტიპტონი აცხადებს, რომ სამედიცინო თვალსაზრისით, ემბრიონის შენახვის ხანგრძლივობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. „თოვლის ბავშვების“ ჯანმრთელობას გაყინვის გამო არაფერი ემუქრება.