ახალმა კონტაქტურმა ლინზებმა, შესაძლოა, ცრემლში გლუკოზის რაოდენობა აკონტროლოს და მისი მომატების შემთხვევაში, ადამიანი გააფრთხილოს. ეს შვება იქნებოდა, განსაკუთრებით, დიაბეტით დაავადებულთათვის, რომლებსაც გლუკოზის დონის განსაზღვრა ჯერჯერობით აპარატზე სისხლის დაწვეთებით უწევთ.
სამხრეთ კორეაში, ულსანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (UNIST) მასალათა მკვლევრის, ჩიჰუნ პარკის (Jihun Park) ხელმძღვანელობით, შეიქმნა ახალი ლინზა, რომლის ელექტრონული ნაწილებიც მაქსიმალურად გამჭვირვალეა. როგორც პარკი ამბობს, ელექტრონული ნაწილი ლინზაზე ასჯერ თხელია და მისი შემჩნევა მომხმარებელმა ვერ უნდა შეძლოს.
მსგავსი ლინზის შექმნა ადრეც უცდიათ. გარდა იმისა, რომ ის არაზუსტ პასუხს იძლეოდა, იმდროინდელი ელექტრონული მოწყობილობები მყარი და გაუმჭვირვალე იყო, რამაც საბოლოოდ ლინზების წარუმატებლობა განაპირობა.
2018 წელს პარკის გუნდის მიერ კურდღლებზე ჩატარებული წარმატებული კვლევის შედეგები გამოქვეყნდა Science Advances-ში. თუმცა, რამდენად ეფექტური იქნება ეს ლინზები ადამიანისთვის, ჯერ კიდევ დაუდგენელია.
პარკი აღიარებს, რომ პრაქტიკაში დანერგვამდე, ლინზები გაუმჯობესებას საჭიროებს, მაგრამ სამხრეთ კორეელი მეცნიერების წარმატებით თუ ვიმსჯელებთ, ახალი დიაგნოსტიკური ლინზების მასობრივი წარმოება არც ისე შორეული პერსპექტივაა.