ENG
ძაღლი სიცოცხლეს ახანგრძლივებს
79 წაკითხვა
ავტორი:თამარ რატიშვილი
Shutterstock

ძაღლის სიყვარულის კიდევ ერთი, ახალი საბაბი - ოთხფეხა მეგობარი სიცოცხლეს ახანგრძლივებს. შვედეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ძაღლის პატრონში სიკვდილის რისკი დანარჩენ მოსახლეობაზე დაბალია. 

შვედეთში ძაღლის ყველა პატრონი ვალდებულია, ნაციონალურ ბაზაში დარეგისტრირდეს. მოქალაქეების თითოეული ექიმთან ვიზიტიც ოფიციალურად ფიქსირდება. ამან უპსალის უნივერსიტეტის მეცნიერებს საშუალება მისცა 12 წლის განმავლობაში შეეგროვებინათ ინფორმაცია 40-დან 80 წლამდე მოქალაქეების შესახებ და გამოეკვლიათ ძაღლის პატრონობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის კავშირი. 3,4 მილიონი ადამიანის მონაცემთა ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ძაღლის ყოლა გულ-სისხლძარღვთა თუ სხვა დაავადებებით სიკვდილის რისკს დაახლოებით 20%-ით ამცირებს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გზით ახდენენ ოთხფეხა ოჯახის წევრები ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენას. კვლევის ერთ-ერთი ავტორის, პროფესორ ტუვე ფალის თქმით, მიღებული შედეგები  შეიძლება სხვადასხვაგვარად აიხსნას. მაგალითად, ცნობილია, რომ ძაღლის პატრონები ფიზიკურად მეტად აქტიურები არიან და დიდ დროს ატარებენ გარეთ. ამ ვარაუდს განამტკიცებს ისიც, რომ  რისკი განსაკუთრებით დაბალია მონადირე ძაღლების პატრონებში. ასევე, შესაძლოა, ძაღლი ეხმარებოდეს ადამიანს გარკვეული სოციალური კავშირების დამყარებაში და ცვლიდეს მის მიკრობიომს - ორგანიზმში მცხოვრებ მიკროორგანიზმებს.