ENG
ერთი ღერი სიგარეტის საზიანო შედეგები
790 წაკითხვა
ავტორი:ქეთი ქუტიძე
Shutterstock

სიგარეტის იშვიათი მოხმარება არ ყოფილა ისეთი უვნებელი, როგორიც აქამდე გეგონათ. ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის სიმსივნის ინსტიტუტის (გაერთიანებული სამეფოები) მკვლევარმა, ალან ჰექშოუმ აღმოაჩინა, რომ დღეში ერთი ღერიც კი მნიშვნელოვნად ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს.

ჰექშოუმ და მისმა გუნდმა შეისწავლეს 1946 წლიდან მოყოლებული ყველა თემატური სანდო კვლევა. ისინი აკვირდებოდნენ მოწეული ღერების რაოდენობასა და მწეველთა ჯანმრთელობის მდგომარეობას შორის კავშირს. “ჩვენ ვნახეთ, რომ დღეში მხოლოდ რამდენიმე ღერი სიგარეტიც კი საგრძნობლად ზრდის გულის კორონარული დაავადებისა და ინსულტის რისკს ”, - წერს ჰექშოუ British Medical Journal-ში.

მამაკაცებში, დღეში ერთი ღერი სიგარეტის მოწევა, არამწეველთან შედარებით, გულის დაავადების რისკს 48 პროცენტით ზრდის, ხოლო დღეში ერთი კოლოფის მოწევა კი მას აორმაგებს. მდედრობითი სქესის წარმომადგენლები უფრო დიდი საშიშროების ქვეშ იმყოფებიან. მათთვის ავადობის საფრთხე ერთი ღერის შემთხვევაში 57 პროცენტია, ხოლო კოლოფის მოწევის შემთხვევაში კი ის 2,8-ჯერ მატულობს.

“როცა საქმე გულ-სისხლძარღვთა დაავადებას ეხება, არ არსებობს მოწევის უსაფრთხო სიხშირე”, - დაასკვნა ჰექშოუს გუნდმა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სიგარეტის რაოდენობის შემცირებას არ უნდა ეცადოთ. შესაძლოა, რომ ამან ფილტვის ქრონიკული დაავადებებისა და ფილტვის სიმსივნის რისკი შეამციროს.