მიმზიდველი ღია ბარათები და ელექტრონული წერილები გვარწმუნებენ, რომ წარბის შეკვრას ბევრად მეტი კუნთი სჭირდება, ვიდრე გაღიმებას. იმისთვის რომ ხალისიანი და ბედნიერი იყოთ, ნაკლები ძალისხმევაა საჭირო, ვიდრე მოღუშვისთვის.
სამწუხაროდ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში გაღიმებას ერთი კუნთით მეტი სჭირდება, ვიდრე მოღუშვას. ადამიანის სახეზე 53 კუნთია, რომელთაგან 12 საჭიროა ფართო ღიმილისთვის, მაშინ როცა წარბის შეკვრას მხოლოდ 11 სჭირდება.
გულწრფელ ღიმილს ოფიციალურად დიუშენის ან ზიგომატური (ღაწვის) ღიმილი ეწოდება. ფრანგი ნევროლოგი გიიომ დიუშენი (1806-75), რომელიც თავისი კარიერის დასაწყისში ელექტროდენით თევზაობდა, პირველი იყო, ვინც დაამტკიცა, რომ გულწრფელი, თბილი ღიმილის დროს მუშაობს როგორც თვალის, ასევე პირის კუნთებიც, ხოლო სიტყვა „ზიგომატური“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „zygoma“, რაც ნიშნავს „უღელს“, ღაწვის ორი კუნთის მიხედვით, რომლებიც თოთოეული ღაწვის ძვალიდან პირის კუთხემდე მიემართებიან.
ამ ოთხი კუნთის გარდა, ღიმილში მონაწილეობს ორი კუნთი თვალების დანაოჭებისთვის, ორი - ტუჩების კუთხეების ასაწევად, ორი - ტუჩების გვერდზე გასაწევად და ორიც პირის კუთხის მოსაღუნად. სულ გაღიმებისთვის თორმეტი კუნთია საჭირო. მეორე მხრივ, მოღუშვას სჭირდება ორი კუნთი ტუჩების ქვევით დასაწევად, სამი - წარბის შესაჭმუხნად, ერთი - ტუჩების მოსაკუმად, ერთი - ქვედა ტუჩის მოდუნებისთვის, ორი - პირის კუთხეების ქვევით ჩასაწევად და ორიც - თვალების დანაოჭებისთვის. ჯამში - თერთმეტი კუნთი.
ამის მიუხედავად, გაღიმება მაინც უფრო იოლია - მეტწილად იმის გამო, რომ ადამიანები ბევრად უფრო ხშირად იღიმიან, ვიდრე იღუშებიან. შედეგად, ღიმილის კუნთები უფრო მძლავრადაა განვითარებული.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ზერელე, არაგულწრფელ ღიმილს მხოლოდ 2 კუნთი სჭირდება. მათ სიცილის კუნთებს ან სანტორინის კუნთებს უწოდებენ იტალიელი ანატომის ჯოვანი სანტორინის (1681-1737) მიხედვით, რომელმაც ეს კუნთები აღმოაჩინა. მათ პირის კუთხეების გვერდზე გაწევის ფუნქცია აქვთ. ამგვარად, თუ თქვენი მიზანი სიხარულის წარმოჩენაა ძალისხმევის აბსოლუტური მინიმუმით, ამაში ყალბი ღიმილი ნამდვილად დაგეხმარებათ.