ექსპერიმენტული ვაქცინა ბლოკავს ჰეროინის ეფექტებს თაგვებში - წამალდამოკიდებულების დაძლევის ახალი მეთოდის პრეკლინიკური კვლევის შედეგები იმედისმომცემია.
ოპიოიდებზე დამოკიდებულება კარგად ნაცნობი და მზარდი პრობლემაა. აშშ-ის წამალდამოკიდებულების ეროვნული ინსტიტუტის (NIDA) დაფინანსებით, ვოლტერ რიდის არმიის ინსტიტუტის (WRAIR) მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ვაქცინაციის შედეგად თაგვებში წარმოიქმნება ჰეროინის წინააღმდეგ მიმართული ანტისხეულები. დეკემბერში Journal of Medicinal Chemistry-ში გამოქვეყნებული კვლევის ხელმძღვანელის, ექიმ გერი მატიასის თქმით, ეს ანტისხეულები ხელს უშლის ნივთიერების სისხლიდან ტვინში შეღწევას და ამ გზით ბლოკავს მის ეიფორიულ მოქმედებას - დამოკიდებულების განვითარების მთავარი მიზეზს. ანტისხეულები წარმოიქმნება ოქსიკოდონის, ჰიდრომორფონის და კოდეინის შემცველი ნივთიერებების მიმართაც.
თეორიულად, ვაქცინაცია დამოკიდებულების პრევენციისთვის ყველაზე ეფექტური იქნება იმ ადამიანებში, რომლებმაც უკვე დაძლიეს ეს პრობლემა ან სხვა მეთოდებით ებრძვიან მას. ასევე მათში, რომლებიც თერაპიული მიზნებით მოიხმარენ მორფინის მსგავს პრეპარატებს. როგორც ჩანს, ამ ვაქცინას ზედოზირებისგან დაცვის პოტენციალიც უნდა ჰქონდეს.
ჰეროინის ვაქცინაცია ჯერ მხოლოდ ცხოველებშია გამოკვლეული. წამალდამოკიდებულების სამკურნალოდ ამ მეთოდის ეფექტურობის დასადგენად, აუცილებელია შემდგომი კვლევების ადამიანებზე ჩატარება.