ინსულტიან ადამიანსაც და ჰიბერნაციაში (ზამთრის ძილი) მყოფ მიწის ციყვსაც აქვთ ერთი რამ საერთო - ორივეს ტვინს აკლია ჟანგბადი.
ინსულტი მაშინ ვითარდება, როდესაც ადამიანის ტვინის სისხლით მომარაგება და, შესაბამისად, ჟანგბადის მიწოდებაც ქვეითდება, რამაც შეიძლება სიკვდილიც გამოიწვიოს (ამით ის მსოფლიოში მეორე ადგილზეა). ციყვებში, ჰიბერნაციისას ტვინში ჟანგბადის დაქვეითება ფიზიოლოგიური პროცესია და მათში არანაირ დაზიანებას არ იწვევს.
რამდენიმე წლის წინ, სწორედ ამ ფაქტმა მიიქცია ამერიკის ნევროლოგიური დაავადებებისა და ინსულტის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფის (NINDS) ყურადღება. კვლევის ხელმძღვანელის - ჯონ ჰალენბეკის აზრით, მიწის ციყვებში ამის მიზეზი სუმოილაცია (SUMOylation) იყო - პროცესი, რომლის აქტივობაც ჰიბერნაციის დროს იზრდება. ეს მოსაზრება ჰალენბეკის გუნდმა ექსპერიმენტებით დაამტკიცა.
ამ მიგნებით შთაგონებული, 2017 წელს ჟურნალ the FASEB-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორი, ჯოშუა ბერნსტოკი, სუმოილაციის მასტიმულირებელი მოლეკულის აღმოსაჩენად, ტრანსლაციური მეცნიერებების განვითარების ეროვნული ცენტრის (NCATS) მკვლევრებთან გაერთიანდა. საბოლოოდ დადგინდა, რომ ასეთი სტიმულატორი არის ებსელენი - სელენის შემცველი ნივთიერება.
„ჩვენ რომ შევძლოთ იმ პროცესის ჩართვა, რომელსაც ჰიბერნატორები იყენებენ ტვინის დასაცავად, მაშინ ინსულტის დროს ტვინის დაცვასა და გამოჯანმრთელებაში ხელის შეწყობას მოვახერხებდით“, - ამბობს ბერნსტოკი.