ENG
ჯანსაღი კვება გაფანტული სკლეროზის წინააღმდეგ
769 წაკითხვა
ავტორი:ქეთი ქუტიძე
Shutterstock

კვებისა და გაფანტული სკლეროზის კავშირი ნეირომეცნიერების კვლევის საგანი გახდა. კვლევები სწორ რაციონზე, როგორც დაავადების სიმპტომების შემსუბუქების ერთ-ერთ საშუალებაზე, 2017 წლის 6 დეკემბერს  Neurology-ს ონლაინ გამოცემაში გამოქვეყნდა.

გაფანტული სკლეროზი ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომლის დროსაც ორგანიზმი შლის მიელინს, ნივთიერებას, რომელიც ნერვულ ბოჭკოებს აკრავს, რაც ტვინსა და სხეულს შორის კომუნიკაციას აფერხებს და იწვევს მოძრაობის, მხედველობისა და მენტალურ  პრობლემებს. სიმპტომები მრავალფეროვანია, მაგალითად: მგრძნობელობის დაკარგვა, შარდისა და ნაწლავების შეუკავებლობა, სპეციფიკური სიარულის მანერა. მკურნალობა მხოლოდ შეტევების შემსუბუქებასა და ახალი შეტევების პრევენციას ემსახურება, დაავადების სრული განკურნება შეუძლებელია.

„პაციენტებს ხშირად აინტერესებთ, არსებობს თუ არა რაიმე საშუალება, რომელიც მათ სიმპტომებს შეუმსუბუქებს, ცხოვრების ხარისხს გაზრდის, რა როლს თამაშობს ამაში დიეტა. დღესდღეობით ცოტა კვლევა არსებობს ამის შესახებ”-ამბობს კეტრინ ფიცჯერალდი, კვლევის ავტორი და ამერიკის ნევროლოგიის აკადემიის წევრი.

მკვლევრებმა ანალიზის შედეგად დაასკვნეს, რომ  ის ადამიანები, რომლებიც ჯანსაღად იკვებებოდნენ, არაჯანსაღი კვების რაციონის მქონე პირებთან შედარებით, სენსო-მოტორული დარღვევების განვითარების 20 %-ით ნაკლები რისკის ქვეშ იყვნენ.

ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებში ბევრად შემცირებულია დეპრესიის, დაღლილობისა და ტკივილის მაჩვენებლები. სწორი დიეტა გულისხმობს დესერტების, ხელოვნურად დამტკბარი სასმელისა და წითელი ხორცის ხილით, ბოსტნეულით, პარკოსანი მცენარეებითა და მარცვლეულით ჩანაცვლებას.