ENG
მხედველობის ახალი მოდელი მწერებში
217 წაკითხვა
ავტორი:ანანო მაისურაძე
Shutterstock

ჩოქელას ხედვის სპეციფიკურობა შესაძლოა ადამიანებს რობოტების დაპროექტებაში დაეხმაროს. ნიუკასლის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერთა ჯგუფი, ვივეკ ნიტიანანდას ხელმძღვანელობით, რამდენიმე მნიშვნელოვან და მოულოდნელ დასკვნამდე მივიდა. ისინი ჩოქელას მხედველობას იკვლევდნენ და აღმოაჩინეს, რომ ჩოქელას სამგანზომილებიანი  მხედველობა ახასიათებს.

მხედველობის ასეთი ფორმა გვხვდება ადამიანებში, კატებში, გომბეშოებსა და სხვა  ცხოველებში, მაგრამ ჩოქელა სამგანზომილებიანი მხედველობის მქონე ერთადერთი წარმომადგენელია მწერების კლასიდან.

ზოგაგად, სამგანზომილებიანი (სტერეო) მხედველობა ნიშნავს, რომ ორგანიზმი თითოეული თვალით სხვადასხვა სურათს ხედავს. მისი ტვინი სურათებს აერთებს, მათ შორის განსხვავების საფუძველზე კი ადგენს, რამდენად შორს არის მხედველობის არეში მოქცეული სხეული მისგან.

ჩოქელების თვალები  სხვანაირად მუშაობს. ვინაიდან, მათ ძირითადად მოძრაობაში მყოფი მსხვერპლის ადგილმდებარეობის განსაზღვრა უწევთ, მათი თვალებიც ამასთანაა ადაპტირებული და აკვირდება სურათის მხოლოდ იმ ადგილებს, რომელიც იცვლება.

იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მეცნიერები ჩოქელას თვალებზე სხვადასხვა ფერის ფირფიტებს უმაგრებდნენ და რეალობის სხვადასხვა ფრად აღქმას აიძულებდნენ, მწერები მაინც ახერხებდნენ ცვლად ადგილებზე კონცენტრირებას და მსხვერპლზე თავდასხმას. ამას ხშირად ადამიანებიც ვერ ახერხებენ.

ნიუკასლის ინჟინერიის სკოლის მეცნიერი გაით თარავნე (Ghaith Tarawneh) ამბობს, რომ აქამდე რობოტები ადამიანის მხედველობის მოდელის მიხედვით შექმნილ პროგრამას იყენებდნენ ნავიგაციისთვის. ჩოქელების მხედველობის მოდელის კვლევა კი ინჟინრებს ბევრად მარტივი ნავიგაციის სისტემის დაპროექტების საშუალებას მისცემს.