ეს ენოტი იმდენად საყვარელია, რომ მე და ჩემმა მეგობარმა მას სახელიც დავარქვით. გაიცანით ენო, იგივე რაკუ, რომელიც უთბილესი და უსაყვარლესი არსებაა.
ენოტმა ჩემზე საკმაოდ სენტიმენტალური გავლენა იქონია. ნაღვიანად მომეჩვენა. ალბათ იმიტომ, რომ არ ჰყავს ბევრი მნახველი და დღის უმეტესი ნაწილი სხვებს აკვირდება... თან, შორიდან.
როდესაც ქამელეონს ვუღებდი ფოტოებს შევამჩნიე, რომ თვალი უცნაურად გადიდებული ჰქონდა. ჩავთვალე, რომ არაფერი სჭირდა და ეს მისი სახეობის დამახასიათებელი იყო, თუმცა მოგვიანებით ჩემმა მეგობარმა იკითხა, რა სჭირდა ქამელეონს. მომვლელმა კი ძალიან შეწუხებულმა გვიპასუხა, რომ თავიდან კბილი სტკიოდა, შემდეგ კი თავზე ანთება განუვითარდა.
თავიდან, როდესაც ზოოპაკში დავდიოდი, არასდროს მიფიქრია ცხოველების რეჟიმზე, მათ ბუნებაზე და ზოგადად, ზოოპარკში ცხოველის ყოფნა -არყოფნაზე. საერთოდაც, არასდროს ვყოფილვარ ზოოპარკების არსებობის მომხრე, თუმცა ახლა ვაანალიზებ, რომ ვცდებოდი. მთავარი კითხვა, რომელიც დაკვირვებისას მაწუხებდა ასე ჟღერს - არიან თუ არა ეს ცხოველები ზოოპარკში ბედნიერები?
მაგალითად, ეს ქამელეონი. გადარჩებოდა ბუნებაში? ეყოლებოდა შვილები? ამიხსნეს, რომ არა! ყველაზე რთული ქვეწარმავლებისთვის ფოტოების გადაღება იყო, ამიტომ უმეტეს შემთხვევაში, ისინი შუშის საცხოვრებლიდან გამოჰყავდათ და ფოტოების გადაღების საშუალებას გვაძლევდნენ (რა თქმა უნდა, ეს არ ეხება შხამიან, მახრჩობელა გველებს და სხვა საშიშ ქვეწარმავლებს). ვიკითხე, თუ შეიძლებიდა, რომ ქამელეონისთვის გადამეღო მსგავსი ფოტო, თუმცა პასუხად უარი მივიღე, რადგან ის რეაბილიტაციას გადიოდა.
დამაინტერესა სხვა ცხოველებმაც და ყოველთვის ვკითხულობდი, თუ როგორ კვებავდნენ მათ. პასუხი უმეტეს შემთხვევაში ერთი იყო: მათ საკვებს აძლევენ იმის მიხედვით, რამდენად ხშირად შეუძლიათ ცხოველებს ნადირობა ველურ გარემოში, ხოლო რაც შეეხება საკვების მიწოდებას, ყველა ცხოველს ისე აწვდიდნენ საკვებს და იმავე სირთულეს უქმნიდნენ, როგორიც ბუნებაში შეხვდებოდათ. ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ ზოოპარკში თითოეულ ცხოველს აქვს დაახლოებით იგივე საცხოვრებელი გარემო, რაც ბუნებრივ საცხოვრებელში ექნებოდათ, უბრალოდ ზოოპარკში მათ საფრთხე არ ემუქრებათ.
მაიმუნები განსაკუთრებით სასაცილოები არიან! როდესაც მათ მომვლელს ვკითხე საშიშები არიან თუ არა, მომვლელმა გაიღიმა, ვოლიერი კარი გააღო და მითხრა - „შედი!“. მაიმუნები დაფრთხნენ; გარკვეულ ხანს მეც, ცოტა დამფრთხალი, გაუნძრევლად ვიდექი. მოგვიანებით კი, როდესაც მაიმუნები დამშვიდდნენ და ერთმანეთს შევეჩვიეთ, მიახლოება დავიწყე ფოტოების გადასაღებად. მომვლელმა გამაფრთხილა ძალიან ახლოს არ მივსულიყავი, რადგან მაიმუნები ისევ დაფრთხებოდნენ. საბოლოოდ, როდესაც გაიაზრეს, რომ მათთვის საშიში არ ვიყავი, ზოგმა პოზიორობაც კი დაიწყო. ენოტთან, ქამელონთამ, მაიმუნებთან ასეთმა ახლო კონტაქტმა საბოლოოდ მიმახვედრა, რომ ახლა, სრულიად სხვა თვალით შევხედე ზოოპარკს, ცხოველებს და, რაც მთავარია, ხალხს, რომელიც ცხოველებზე ზრუნავს და მათ უფრთხილდება. ბუნებაში.
ზუსტად არავინ იცის ბედნიერები არიან თუ არა, მაგრამ ისიც ვისწავლე, რომ ზოოპარკში, თუ ის კარგად არის მოწყობილი, ცხოველები უფრო დიდ ხანს ცოცხლობენ ვიდრე ბუნებაში. თუ მათ სხვა თვალით დავაკვირდებით, უფრო მეტი ინტრესი გაგვიჩნდება და უფრო მეტად გავუფრთხილდებით ბუნებას! მაინც მგონია, რომ ჩვენთან ისინი ბედნიერნი არიან!
რედაქტორის შენიშვნა: სტილი დაცულია.