აღმოჩნდა, რომ ფქვილში შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოგენი ნაწლავის ჩხირი (Escherichia coli) ბინადრობდეს.
ეს მიკროორგანიზმი ადამიანის ნაწლავის ნორმალური ბაქტერიული ფლორის ნაწილია, თუმცა არსებობს ისეთი შტამები (ტიპები), რომლებსაც მომნელებელი სისტემის დაავადების გამოწვევა შეუძლია. ასეთია შიგატოქსიგენური ნაწლავის ჩხირი.
აშშ-ის სხვადასხვა ორგანიზაციის წევრი მეცნიერები ამ დასკვნამდე 2016 წლის ზაფხულში, ნაწლავის ჩხირის ეპიდემიის გამო ჩატარებული ერთობლივი კვლევის შემდეგ მივიდნენ. კვლევის შედეგებმა 4500 ტონა ფქვილის სავაჭრო ქსელიდან ამოღება გამოიწვია. საბოლოო დასკვნები 2017 წელს, the New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.
ინფიცირების ერთ-ერთი მიზეზი მიკრობით დაბინძურებული ფქვილის შემცველი ისეთი უმი პროდუქტების გასინჯვაა, როგორიცაა, ვთქვათ, ნამცხვრის ცომი.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვებს, რადგან ისინი ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან.
აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) საკვების უსაფრთხოებისა და სწორი კვების ცენტრის მთავარი მრჩეველი, ჯენი სკოტი ამბობს: „ზრდასრულ ადამიანს აქვს ინფორმაცია, რომ განსაჯოს უღირს თუ არა რისკზე წასვლა, მაგრამ როდესაც ბავშვს აძლევ უმ ცომს, რისკის ქვეშ ბავშვის ჯანმრთელობას აყენებ“.
მოწამვლისთვის ბაქტერიების მცირე რაოდენობაც საკმარისია. საბედნიეროდ, მაღალი ტემპერატურა მიკროორგანიზმებს კლავს, ამიტომ მომზადებული კერძი საშიშროებას აღარ წარმოადგენს.