ნანას ჩვეული დღე.
იცოდით, რომ ჩვენი ზოოპარკის ბინადარი სახეობის, ხალებიანი ირმის მამრი, თავის საარსებო გარემოში მხოლოდ გამრავლების პერიოდში უერთდება მდედრების ჯგუფს? ეს კიდევ არაფერი! თურმე მამრი საკუთარი ტერიტორიის საზღვრებს უცნაური მეთოდით ადგენს: რქებთ დიდ ორმოებს თხრის, რომლებსაც შარდით ნიშნავს. მონიშნულ ტერიტორიას პატრონი მონდომებით იცავს სხვა მამრებისგან. ხალებიანი ირმის ნახტომის სიგრძე 6 მეტრს აღწევს, ხოლო სიმაღლე თითქმის 2 მეტრს. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 20 წელია.
აღმოჩნდა, რომ მათ "ბიძაშვილებს," კეთილშობილ ირმებს, საქართველოს ბუნებაში დიდი საფრთხე ემუქრებათ; ისინი გადაშენების პირასაა. ბრაკონიერებს ისინი თითქმის სულ გაუწყვეტიათ! რა სისასტიკეა! მთავარი კითხვა, რომელიც მაწუხებდა იყო - რა უნდა ვქნათ?
ზოოპარკში ირმები, ასე თუ ისე, თავს კარგად გრძნობენ. ზოოპარკის თანამშრომლები ყველაფერს აკეთებენ რომ სუფთა და კომფორტული გარემო შეუქმნან. მდედრ ირემს ხალიანა ჰქვია, მამრს კი - ხაო. მდედრი ერევნის ზოოპარკიდან ჩამოიყვანეს. მამრი დიდი ხანია აქ ცხოვრობს. მათ ორი ხალებიანი ნუკრი ჰყავთ. ორივე მდედრი. ერთს ავრორა ჰქვია, მეორეს არ აქვს ჯერ სახელი.
ჩლიქოსანი ცხოველების მომვლელი, ნანა, ამბობს რომ ზოოპარკში მუშაობა სწავლის გადასახადის მოსაგროვებლად დაიწყო, ამავე დროს მის დამოკიდებულებაში ცხოველებთან მათდამი დიდი სიყვარული იგრძნობა.
„ხასიათით მშვიდი ცხოველები არიან, მაგრამ გამრავლების პერიოდში დიდი აგრესიულობით გამოირჩევა მამრი ირემი ამ დროს ვოლიერში თავისუფლად შესვლა არ შეიძლება, ამიტომ იზოლირებული უნდა იყოს“ - ამბობს ნანა.
ნანას თქმით თავდაპირველად ირმები „ხელზე არ ჰყავდა მიჩვეული“, ანუ მათთან ახლოს ვერ მიდიოდა. ვერც მკურნალობას და ნემსის გაკეთებას. თუმცა, თბილი დამოკიდებულებით და დიდი მოთმინებით, საყვარელი საჭმლის შეთავაზებით ბოლოს შეძლო მათი მიჩვევა. ირმები ახლა უკვე თავისუფლად აძლევენ მათთან მიახლოების, მოფერებისა და ნემსის გაკეთების საშუალებასაც კი. ეს კი ცხოველების ჯანმრთელობითვის აუცილებელია.
ირმებს ყოველდღიურად თივასა და ბოსტნეულს აჭმევენ. თივა დღის განმავლობაში მუდმივად აქვთ, ხოლო დილით და საღამოს კომბინირებული საკვებით კვებავენ.
გაზაფხულობით აუცილებელია ირმის ბეწვის დავარცხნა, რადგან ამ დროს ზამთრის ბეწვს იცვლიან. ნანა ეხმარება ირმებს ბეწვის მოცილებაში. ნანამ ამიხსნა, რომ დავარცხნა აუცილებელია ექტოპარაზიტების მოსაცილებლად.
ირმები რქებსაც იცვლიან. ირმის ახალი რქები რბილი ქსოვილითაა დაფარული და ბუსუსები აქვს. ყოველწლიურად ირემს ძველთან შედარებით უფრო დიდი რქები ამოსდის. ბოლოს ის „ქორბუდა“ ხდება! სწორედ ამიტომ, თურმე რქების სიდიდის მიხედვით შეგვიძლია ირმის მიახლოებითი ასაკიც კი განვსაზღვროთ.
ნანა ერთ საინტერესო ამბავსაც მოგვიყვა: 2014 წელს მყვირალობის პერიოდში ერთ-ერთ ირემს მოჭარბებული ენერგიის დასახარჯად, ხის ტოტები დაუკიდეს ვოლიერში. ირემმა, როგორც სჩანს, ტოტები რქებს მიამსგავსა, მტრად წარმოიდგინა და მაშინვე ეძგერა ტოტებს! ბრძოლა მანამდე რ შეწყვიტა, სანამ „ბჭებზე არ დასცა“ წარმოსახვითი მტერი.
უცნაურია, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ კეთილშობილი ირემი (ხალებიანი ზოოპარკის ბინადრის ნათესავი სახეობა) ჩვენში იშვიათობაა! არადა, სკოლის პროგრამა სავსეა ირემზე მოთხრობებით. სულ გგონია, რომ საქართველოს ტყეები ირმითაა „მოფენილი“ და მთებში, გამრავლების დროს ბღავიან. თურმე არა! შეუბრალებლად გაგვიწყვეტია ჩვენი სიმბოლო და პატარა ჯგუფები დარჩა აქა იქ. სადღაა „მთასა მყვირალი?“. როგორც ჩანს - „მეუღლე მტრებმა მომიკლეს დავეხეტები ცალადა“ - არც თუ ისე შორსაა სიმართლისგან. საოცარია, მაგრამ სწორედ ზოოპარკები შეიძლება იქცეს საქართველოში ირმების აღდგენის ერთ-ერთ წყაროდ! რას არ გაიგებს ადამიანი! ახლა სულ სხვანაირად ვხედავ ზოოპარკის როლს!
რედაქტორის შენიშვნა: სტილი დაცულია.