ENG
ორი წამალი და ორი წლით შეჩერებული პროსტატის სიმსივნე
1106 წაკითხვა
ავტორი:ქეთი ქუტიძე
Shutterstock

ყოველწლიურად 150 000 მამაკაცი პროსტატის სიმსივნის ატიპურ ფორმას ებრძვის. მათი სიმსივნე საკმაოდ აგრესიულია და სტანდარტულ ჰორმონალურ თერაპიას არ ექვემდებარება, ამავე დროს არც ისეთი დიდია, რომ მისი სკანირება შეიძლებოდეს. სიმსივნე მალევე მეტასტაზირებს  ძვლებში, ლიმფურ კვანძებსა და სხვა ორგანოებში, რაც ხშირად ძლიერ ტკივილს იწვევს.

„აქამდე, ვერაფერს ვთავაზობდით ასეთ პაციენტებს. უბრალოდ ვეუბნებოდით, რომ თვალს მივადევნებთ“, - ამბობს ჯუდ მოული, ქირურგიის პროფესორი და დიუკის პროსტატის ცენტრის (აშშ) დირექტორი. 2018 წლის 8 თებერვალს შარდსასქესო სიმსივნეების სიმპოზიუმზე სან-ფრანცისკოში, გამოქვეყნდა დამოუკიდებელი კლინიკური კვლევები ორი წამლის შესახებ, რომლებიც დაეხმარება პაციენტს, რომ სიმსივნის გავრცელება რამდენიმე წლით შეაჩეროს, რაც ქიმიოთერაპიასა და სხვა აგრესიული მკურნალობის უფრო გვიან დაწყების შესაძლებლობას იძლევა. 

სიმპოზიუმზე წარმოდგენილი ენზალუტამიდისა და აპალუტამიდის მოქმედების პრინციპი ანდროგენის რეცეპტორის დაბლოკვაა, რაც პროსტატის სიმსივნური უჯრედების ზრდას შეუშლის ხელს. ენზალუტამიდით მკურნალობის ღირებულება თვეში $10 000-ია,  ხოლო აპალუტამიდის გაყიდვები ჯერ არ დაწყებულა და ფასი უცნობია.

 „ისინი ჩემს სიმსივნეს აკონტროლებენ, ძალიან მადლიერი ვარ“, - ამბობს პაციენტი სკოლამეირო. მას პროსტატის სიმსივნე 18 თვის წინ დაუდგინდა და ახალი წამლის დამსახურებით მეტასტაზები ჯერ კიდევ არ გავრცელებულა.