პარაზიტი კრაზანის დაკბენის შემდეგ, ამერიკული ტარაკანი კარგავს ქცევის კონტროლის უნარს და მთლიანად თავდამსხმელს ექვემდებარება.
კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოქიმიკოსი ეუგენ მური და მისი კოლეგები მრავალი წლის განმავლობაში იკვლევდნენ შხამებს, მათ შორის კრაზანას შხამსაც. საიდუმლოებით მოცული კრაზანა - Ampulex compressa-ს მსხვერპლის ორგანიზმში შხამი ორ სხვადასხვა წერტილში შეჰყავს: პირველი - მკერდის არეში, რაც იწვევს წინა ფეხების პარალიზებას, ხოლო მეორე - პირდაპირ ტვინში, რის შედეგადაც ტარაკანი ვარდება ლეთარგიაში და მთლიანად კრაზანას დაქვემდებარებაში გადადის.
2018 წლის 19 იანვარს ჟურნალში Biochemistry გამოქვეყნებულ სტატიაში მკვლევრები კრაზანის შხამში პეპტიდთა ახალი ოჯახის აღმოჩენის შესახებ საუბრობენ. აღმოჩენილ ალფა-ჯაჭვოვან ცილას ავტორებმა ამპულექსინი უწოდეს.
ტარაკანში გამოწვეული უმოძრაო მდგომარეობა ძალიან ჰგავს პარკინსონის დაავადების კლინიკურ სიმპტომებს. არსებობს ვარაუდი, რომ ორივე პროცესის საფუძველს დოფამინურ გზებში არსებული დარღვევა წარმოადგენს. ეს პეპტიდი, შესაძლოა, მთავარი სუბსტრატი იყოს ტარაკანების გონების კონტროლში და ასევე შესაძლებელია დაეხმაროს მკვლევრებს პარკინსონის დაავადების მკურნალობაში.
სავარაუდოა, რომ შემდეგი კვლევა ორიენტირებული იქნება ახალი ცილის მოქმედების მექანიზმის უფრო კარგად შესწავლაზე. ამის შემდეგ კი მეცნიერები შეძლებენ ცხოველური მოდელის საფუძველზე შეისწავლონ ადამიანში პარკინსონის დაავადების მკურნალობის ახალი გზები.