შაქარი მხოლოდ დამხმარე საშუალებაა. პრობლემას ბაქტერიები ქმნიან. ადამიანის პირში ბაქტერიების 600-ზე მეტი სახეობა ბინადრობს. ერთ პირში ექვს მილიარდზე მეტი ცალკეული ორგანიზმის ბინადრობის გამო, სულაც არაა გასაკვირი, რომ ზოგიერთი სახეობა (მათ შორის მთავარია - Streptococcus mutans) პრობლემებს გვიქმნიდეს. შაქრით კვებისას, ადამიანის პირში მეორადი პროდუქტის სახით წარმოიქმნება რძის მჟავა. სწორედ ის ჭამს კბილის მინანქარს და აჩენს ღრმულებს.
თუმცა, ბაქტერიები მხოლოდ შაქრით არ იკვებებიან, ისინი ყველა სახის სახამებელს გეახლებიან. კბილებისათვის ყველაზე ცუდია ძნელად დაშლადი ნახშირწყლები. შაქრისგან განსხვავებით, რომელიც სწრაფად იხსნება ნერწყვში, საკვებად მომზადებული, თბოდამუშავებული სახამებელი, განსაკუთრებით კარტოფილის პროდუქტები, როგორიცაა ხრაშუნა ჩიფსები, უფრო დიდხანს ეკვრის კბილებს, რის გამოც უფრო მეტი მჟავა წარმოიქმნება. ქიშმიშიც კარგად ახერხებს ნაპრალებისა და ღრმულების პოვნასა და იქ დამალვას.
მართალია, ეს არც ისე სასიამოვნო ამბავია საკონდიტრო მრეწველობისთვის, მაგრამ 2000 წელს იაპონიაში, ოსაკას უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ კაკაოს მარცვლის ჩენჩო შეიცავს ანტიბაქტერიულ აგენტებს, რომლებიც კბილებს გაფუჭებისგან იცავს. ისინი საკმაო რაოდენობითაა შოკოლადში, რის გამოც ის ნაკლებად საშიშია კბილებისთვის, შაქრის მაღალი შემცველობის მქონე სხვა პროდუქტებთან შედარებით. ასე რომ, შემდეგში, როდესაც ბავშვებით გარშემორტყმული იქნებით სალაროსთან რიგში, კარგ სამსახურს გაუწევთ მათ, თუკი ურიკაში შოკოლადს და კანფეტებს ჩააწყობთ და თავს შეიკავებთ ჩიფსებისა და დონატების ყიდვისგან.
კბილის კარიესი მსოფლიოში ადამიანის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. კარიესის თავიდან ასაცილებლად იდეალური იქნებოდა ყოველი ჭამის შემდეგ კბილების ჯაგრისით გაწმენდა სულ ცოტა ორი წუთის განმავლობაში, საკვების ყველანაირი ნარჩენის მოსაცილებლად.
ადამიანები ღრძილების დაავადებით, ორჯერ უფრო მეტად არიან მიდრეკილნი გულის იშემიური დაავადებებისკენ, ვიდრე სხვები. ეს იმიტომ, რომ პირიდან ბაქტერიებს შეუძლიათ გულისკენ გაიკვალონ გზა და სისხლში თრომბი წარმოქმნან.
2007 წელს „ღიმილის ეროვნული კვირის“ დროს მოპოვებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კბილების მოვლის ჰიგიენა დიდ ბრიტანეთში კი არ უმჯობესდება, არამედ უარესდება. ბრიტანელთა 12% კბილების ჯაგრისს მხოლოდ „კვირაში რამდენჯერმე“ ან „არასოდეს“ იყენებს. 30%-ზე ნაკლები ამბობს, რომ ისინი კბილების წმენდას ორ წუთს უთმობენ. 60%-ის მტკიცებით კი, სიამოვნებით გაუზიარებდნენ თავის ჯაგრისს პარტნიორს, ბავშვს, მეგობარს ან საყვარელ ცნობილ პიროვნებას. კბილების ძაფის ნაცვლად კი უამრავი ნივთი გამოიყენება, მათ შორის ბურღის ნაწილები, წნელები, თევზის ფხები, ფეხსაცმლის შნურები და ფრჩხილები.
ამის მიუხედავად, ადამიანების რიცხვი, ვინც სრულიად ამოიღო კბილები, მნიშვნელოვნად შემცირდა. 1968 წელს მოსახლეობის 36%-ს ხელოვნური კბილები ჰქონდა, რაც დღეს 12%-ზე ნაკლებს შეადგენს. გასული საუკუნის 40-იან და 50-იან წლებში ყველა კბილის შეცვლა ახალი, ხელოვნური კბილების კომპლექტით, გავრცელებული და პოპულარული საჩუქარი იყო ოცდამეერთე დაბადების დღისთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის. ისინი ნორმალურად გამოიყურებოდნენ, ყოველთვის ქათქათა თეთრი ფერი ჰქონდათ და მოვლაც ბევრად ადვილი იყო.