ENG
რა გამოიმუშავებს დედამიწაზე ყველაზე მეტ ჟანგბადს?
2301 წაკითხვა
ავტორი:SEED საქართველო
Shutterstock

ფოტო ტყუის! ტყე, მართალია, დიდი რაოდენობით ჟანგბადს იძლევა, მაგრამ სწორი პასუხია წყალმცენარეები. ისინი ჟანგბადს გამოყოფენ, როგორც ფოტოსინთეზის ნარჩენ პროდუქტს. წყალმცენარეები უფრო მეტ ჟანგბადს გამოიმუშავებენ, ვიდრე ყველა ხე და ხმელეთის ყველა სხვა მცენარე ერთად აღებული.

უძველესი წყალმცენარეები ნავთობისა და ბუნებრივი აირის ძირითადი შემადგენელი ნაწილია.

ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები ანუ ციანობაქტერიები (ბერძნული სიტყვიდან kyanos – „მუქი მომწვანო ლურჯი“) დედამიწაზე აღმოჩენილი სიცოცხლის უძველესი ფორმაა, რომლის ნამარხები 3,6 მილიარდი წლით თარიღდება.

მაშინ, როდესაც ზოგიერთი წყალმცენარე ეუკარიოტთა სამეფოს შემადგენელი ნაწილია (eu – „ჭეშმარიტი“ და karyon – „კაკალი“, რაც მიუთითებს, რომ მათი უჯრედები ნამდვილ ბირთვს შეიცავს, რაც არ აქვს ბაქტერიებს), ციანობაქტერიები ამჟამად მტკიცედ იკავებენ ადგილს ბაქტერიების სამეფოში და ცალკეულ ტიპს განეკუთვნებიან.

ციანობაქტერიის ერთ-ერთი ფორმა - სპირულინა სოიაზე ორმოცჯერ მეტ ცილას იძლევა ერთ ჰექტარზე. ის შეიცავს 70% ცილას (საქონლის ხორცში ცილის შემცველობა 22%-ია), 5% ცხიმს, არანაირ ქოლესტერინს და ვიტამინებისა და მინერალების შთამბეჭდავ კომპლექტს. აქედან მიმდინარეობს სპირულინას სმუზის მზარდი პოპულარობა.

ის ასევე აძლიერებს იმუნურ სისტემას, კერძოდ ცილოვანი ინტერფერონების წარმოქმნას, რომლებიც ორგანიზმის პირველი თავდაცვითი ზღუდეა ვირუსებისა და სიმსივნური უჯრედების წინააღმდეგ.

სპირულინას კვებითი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები პირველად აცტეკებმა, სუბსაჰარული აფრიკის მოსახლეობამ და ფლამინგოებმა გააცნობიერეს საუკუნეების წინ.

სამომავლოდ მისი მნიშვნელობა შეიძლება იმითაც გამოიხატებოდეს, რომ წყალმცენარის მოყვანა უნაყოფო მიწაზეც შეიძლება მომლაშო წყლის გამოყენებით. ის არ იწვევს ნიადაგის ეროზიას, არ საჭიროებს სასუქებსა და პესტიციდებს. ატმოსფეროს კი უფრო მეტად ამდიდრებს ჟანგბადით, ვიდრე ნებისმიერი სხვა მცენარე.

77