ათწლეულების განმავლობაში, მედიკოსების აზრის საწინააღმდეგოდ აღმოჩნდა, რომ კუჭისა და ნაწლავის წყლულს არა სტრესი ან ცხოვრების ნირი, არამედ ბაქტერიები იწვევს.
წყლული ჯერ ისევ საკმაოდ ხშირია. ის ათიდან ერთ ადამიანს აწუხებს. წყლული მტკივნეულია და პოტენციურად მომაკვდინებელი. ნაპოლეონი და ჯეიმს ჯოისი კუჭის წყლულთან დაკავშირებული გართულებებით დაიღუპნენ.
მე-20 საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ორმა ავსტრიელმა პათომორფოლოგმა, ბარი მარშალმა და რობინ უორენმა შეამჩნიეს, რომ გასტრიტითა და წყლულით დაავადებული ადამიანების კუჭის ქვედა ნაწილში მანამდე დაუდგენელი ბაქტერია ბინადრობდა. მათ ამ ბაქტერიის კულტივირება მოახდინეს, სახელი - Helicobacter pylori - მიანიჭეს და ცდების ჩატარებას შეუდგნენ; აღმოაჩინეს, რომ ბაქტერიების განადგურების შემდეგ წყლული ხორცდებოდა.
დღესაც კი ადამიანების უმეტესობას ჯერ ისევ მიაჩნია, რომ წყლულს სტრესი იწვევს. სამედიცინო ახსნა მდგომარეობდა იმაში, რომ სტრესი ამცირებს კუჭისთვის სისხლის მიწოდებას, რაც, თავის მხრივ, მისი დამცავი ლორწოს წარმოქმნას აფერხებს. ამის შემდეგად კუჭის ქსოვილი მოწყვლადი ხდება კუჭის მჟავას მიმართ და შედეგად წყლული ვითარდება.
მარშალისა და უორენის ვარაუდი - რომ გავრცელებული ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ბებერას და სისხლჩაქცევას ჰგავს, შესაძლოა სინამდვილეში ინფექციური დაავადება ყოფილიყო - უპრეცედენტო გახლდათ თანამედროვე მედიცინაში.
მარშალმა გადაწყვიტა საკუთარ თავზე ჩაეტარებინა ცდა; ბაქტერიებით სავსე პეტრის თეფში დალია და მალევე დაავადდა ძლიერი გასტრიტით. მან ორგანიზმი ბაქტერიებზე შეამოწმა - ისინი მრავლად აღმოჩნდა მის კუჭში - შემდეგ კი სამკურნალოდ ანტიბიოტიკების კურსი ჩაიტარა. დადასტურდა, რომ სამედიცინო ახსნა მცდარი იყო.
2005 წელს მარშალი და უორენი შეუპოვრობისა და განჭვრეტისათვის დაჯილდოვდნენ, ნობელის პრემია მიენიჭათ მედიცინის დარგში.
Heliocobacter Pilori მოსახლეობის ნახევარს აქვს, განვითარებად ქვეყნებში კი - თითქმის ყველა ადამიანს. ის, როგორც წესი, ბავშვობის ასაკში ასნებოვნებს ადამიანს და კუჭში მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუძლია დარჩეს. ბაქტერია წყლულს დაინფიცირებული ადამიანების მხოლოდ 10-15 პროცენტში იწვევს.
ამის მიზეზი ჯერ კიდევ არ ვიცით, თუმცა ვიცით, როგორ ვუმკურნალოთ მას.