ერთ-ერთ იაპონურ საიტზე (www.atomicmartinis.com) ჩატარებულმა შესწავლამ აჩვენა, რომ ჯეიმს ბონდი სასმელს საშუალოდ ყოველ მეშვიდე კადრში მიირთმევდა.
მთლიანობაში 317 დალეული სასმელიდან ბონდი უპირატესობას დაძველებულ ვისკის ანიჭებდა. ამ სასმელს 101-ჯერ მიირთმევს, მათ შორის 58-ჯერ ბურბონს და 38-ჯერ შოტლანდიურ ვისკის. საკმაოდ ეტანება შამპანურს (30 ფუჟერი), ხოლო ერთ წიგნში „ცოცხლობ მხოლოდ ორჯერ“ (1964), რომელშიც მოქმედება ძირითადად იაპონიაში ვითარდება, საკეს 35-ჯერ აგემოვნებს.
მის სავარაუდო ფავორიტს, მარტინის, ბონდი მხოლოდ ცხრამეტჯერ ირჩევს და თითქმის ამდენივეს სვამს მარტინის ჯინს (თექვსმეტჯერ - თუმცა მას უმეტესად სხვა ადამიანები უკვეთენ).
ცნობილი ფრაზა „შეანჯღრიე, მაგრამ არ აურიო“ („Shaken, not stirred“) პირველად ჩნდება ფილმში „ბრილიანტები სამუდამოდ“ (1956), თვითონ ბონდი მას არ იყენებს „ექიმი ნოუმდე“. შონ კონერი პირველი ეკრანული ბონდი გახლდათ, რომელმაც წარმოთქვა ფრაზა „Shaken, not stirred“ „გოლდფინგერში“ (1964). ის მომდევნო ფილმების უმეტესობაში გვხვდება. 2005 წელს ამერიკის ფილმების ინსტიტუტმა ის ყველა დროის ოთხმოცდამეათე უდიდეს კინოციტატად გამოაცხადა.
პირველი წიგნიდან - „კაზინო როიალიდან“ (1953) აღებული ჯეიმს ბონდის მარტინის პერსონალური რეცეპტი ასეთია: „გორდონის“ 3 პორცია, ერთი არაყი და ნახევარი „Kina lillet“. შეანჯღრიეთ ძალიან კარგად, სანამ ყინულივით ცივი არ გახდება, შემდეგ დაუმატეთ ლიმონის ქერქის დიდი თხელი ნაჭერი“.
ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ბონდი ჯინისა და არყის ნარევს სვამს. იგი მას „ვესპერს“ ეძახის, ვესპერ ლინდის მიხედვით, რომელიც ორმაგი აგენტი და სიყვარულის ობიექტია რომანში. ის არის გოგონა, რომელიც ყველაზე მეტს სვამს ყველა რომანსა თუ მოთხრობაში.
რატომ ითხოვს ბონდი ასე დაჟინებით „შეიკერში შენჯღრეულ“ მარტინის? სწორი განმარტებით, ასეთ მარტინის ჯინს „ბრედფორდი“ ეწოდება. პურისტები მას ალმაცერად უყურებენ, რადგან შენჯღრევის დროს ჰაერის მიწოდება ჟანგავს არომატულ სანელებლებს ჯინში. თუმცა არაყთან მიმართებაში ამგვარი პრობლემა არ არსებობს და შენჯღრევა სასმელს უფრო ცივსა და მწარეს ხდის.