ENG
რა იყო სამედიცინო კუთხით საინტერესო იულიუს კეისრის დაბადებაში?
451 წაკითხვა
ავტორი:SEED საქართველო
Shutterstock

აი, სრულიად არაფერი, გარდა ფაქტისა, რომ იულიუს კეისარი დაიბადა. არავითარი ფაქტობრივი მასალა არ არსებობს, რომ მისი დაბადება საკეისრო კვეთით მოხდა.

იმ დროს მართლაც ტარდებოდა ამგვარი ოპერაციები, თუმცა ყოველთვის დედის სიკვდილით მთავრდებოდა და ეს, ოპერაციამდე, ყველამ იცოდა. როგორც ცნობილია, კეისარს დედა (აურელია) მოწიფულობაშიც ცოცხალი ჰყავდა. ის, რომ კეისარი საკეისრო კვეთით დაიბადა, იმ დროის არც ერთ წყაროში არ არის ნახსენები და ამის შესახებ ცნობა მხოლოდ შუა საუკუნეებში გაჩნდა. სამედიცინო მნიშვნელობით ინგლისურ ენაში ის 1615 წლამდე არც კი გამოიყენებოდა.

არეულობას, სავარაუდოდ, სათავე დაუდო პლინიუს უფროსმა, რომელიც „ბუნების ისტორიაში“ (დაახლოებით 77 ჩვ. წ. აღ.) წერს, რომ პირველი კეისარი „დედის საშვილოსნოს გაჭრით ამოიყვანეს“. ეს, შესაძლოა, მართალიც იყოს, ოღონდ ეს არ იყო კეისარი, რომელსაც ჩვენ გაიუს იულიუს კეისრის სახელით ვიცნობთ.

სამი სახელის დარქმევის რომაული ტრადიცია მიუთითებდა, რომ „გაიუსი“ იყო საკუთრივ სახელი და ის „იულიანების“ კლანის „კეისართა“ განშტოებას წარმოადგენდა. ასე რომ, არავინ იცის, რამდენი კეისარი არსებობდა მანამდე. ზუსტად ისიც არ ვიცით, თუ რას ნიშნავს „კეისარი“. მისი არც ერთი მნიშვნელობა არ შეეფერება ზედმიწევნით იმ ადამიანს, ვის შესახებაც ვსაუბრობთ. „caeseries“ გრძელ თმებს ნიშნავს, თუმცა ის მელოტი იყო; ან „caesius“ - ცისფერი, მას კი შავი თვალები ჰქონდა).

ლათინურად ეს სიტყვა იწერება შემდეგნაირდ - Caesar და რომაელები მას გამოთქვამდნენ, როგორც „კაისარ“. აქედან გერმანული სიტყვა „იმპერატორის“ შესატყვისი გახდა სიტყვა „კაიზერი“ (Kaiser), ხოლო რუსულში C ასოს „ც“ ბგერად ტრანსფორმაციის გამო სიტყვა ჟღერს როგორც „ცეზარ“ საიდანაც მოდის სიტყვა „მეფის“ რუსული შესატყვისი - „ცარ“. რომაელი იმპერატორები თავის გრძელ ტიტულს, ჩვეულებრივ, „კეისარს“ ამატებდნენ.

ისე, ცნობისთვის - სალათ „ცეზარს“ არანაირი შეხება არ აქვს კეისართან. ის ცეზარ კარდინიმ გამოიგონა ტიხუანის (მექსიკა) იტალიურ რესტორანში 1923 წელს.