ENG
რა ფერისაა ადამიანის ტვინი?
501 წაკითხვა
ავტორი:SEED საქართველო
Shutterstock

სიცოცხლეში იგი ვარდისფერია. ეს ფერი სისხლძარღვებითაა გამოწვეული. ჟანგბადით მდიდარი სისხლის გარეშე (ორგანიზმიდან ამოღების შემდეგ) ადამიანის ტვინი რუხი ხდება.

ცოცხალი ტვინის 40% ე.წ. „რუხი ნივთიერებისგან“ შედგება, ხოლო 60% - „თეთრი ნივთიერებისგან“. ეს ტერმინები ზუსტად არ აღწერს ჩვენთვის ნაცნობ ფერებს, თუმცა თხელ განივკვეთში ისინი აშკარად ტვინის ქსოვილის ორი სხვადასხვა სახეა.

ტვინის სკანერების გამოყენებით ჩვენ თანდათან შევიტყვეთ, თუ რა ფუნქციებს ასრულებს თითოეული მათგანი. რუხი ნივთიერება შეიცავს უჯრედებს, სადაც რეალურად „გადამუშავდება“ ინფორმაცია. ის ტვინის მიერ გამოყენებული ჟანგბადის 94%-ს მოიხმარს.

455

თეთრი ნივთიერება წარმოადგენს ცხიმოვან  ცილას „მიელინს“, რომელიც გარს აკრავს უჯრედიდან გამომავალ დენდრიტებს და აქსონებს და მათ საიზოლაციო ფუნქციას ასრულებს. ის ტვინის საკომუნიკაციო ქსელია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს რუხი ნივთიერების სხვადასხვა ნაწილებს, ხოლო რუხ ნივთიერებას - სხეულის დანარჩენ ნაწილებთან.

ამის კარგი ანალოგია კომპიუტერი. რუხი ნივთიერება პროცესორია, თეთრი კი - კაბელები. რასაც ჩვენ ინტელექტს ვეძახით, ორივეს ერთობლივ მუშაობას მოითხოვს მაღალი სიჩქარით.

ახლა ეს კიდევ უფრო საინტერესო ხდება. კალიფორნიისა და ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტებში ჩატარებული კვლევების დროს, ერთნაირი გონებრივი შესაძლებლობების მქონე მამაკაცებისა და ქალების თავის ტვინის სკანირება მოახდინეს. შედეგები გასაკვირი აღმოჩნდა: მამაკაცებს ქალებთან შედარებით 6,5-ჯერ მეტი რუხი ნივთიერება აღმოაჩნდათ, ქალებს კი დაახლოებით ათჯერ მეტი თეთრი ნივთიერება, ვიდრე მამაკაცებს.

ქალებში თეთრი ნივთიერება მაღალი კონცენტრატით აღმოჩნდა შუბლის წილებში, სადაც მამაკაცებში იგი საერთოდ არ გვხვდება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მიიჩნევა, რომ შუბლის წილები მთავარ როლს თამაშობენ ემოციების კონტროლში, ხასიათის თავისებურებებსა და გამჭრიახობაში.

ასე რომ, გენდერული განსხვავების „მარსისა და ვენერას“ თეორიებს მალე შესაძლოა ფიზიოლოგიური დასაბუთება გამოუჩნდეთ. როგორც ჩანს, ქალისა და მამაკაცის ტვინი სხვადასხვანაირად არის დაქსელილი და აწყობილი. შედეგი (გონებრივი მონაცემები) ერთი და იგივეა, მაგრამ მისი ჩამოყალიბების სტრუქტურა - განსხვავებული.

456
ადამიანის ტვინის ანათალი - განირჩევა რუხი და თეთრი ნივთიერება