ENG
რა ფერისაა სამყარო?
90 წაკითხვა
ავტორი:SEED საქართველო
Shutterstock

2002 წელს, 200 000 გალაქტიკიდან მომავალი სინათლის ანალიზის საფუძველზე (Australian Galaxy Redshift Survey), ამერიკელმა მეცნიერებმა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან დაასკვნეს, რომ სამყარო მკრთალი მწვანეა. და არა შავი მცირეოდენი ვერცხლისფრით, როგორსაც ვხედავთ.

თუმცა, ამერიკის ასტრონომიული საზოგადოებისთვის გაგზავნილი შეტყობინებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ისინი იძულებული გახდნენ ეღიარებინათ, რომ გამოთვლებში შეცდომა დაუშვეს და რეალურად, სამყაროს უფრო სევდისმომგვრელი მკრთალი მორუხო-მოყავისფრო წყვდიადის ფერი აქვს. ყველაზე მეტად, ეს ჩალისფერის ასოციაციას იწვევს.

მეჩვიდმეტე საუკუნის შემდეგ, რამდენიმე უდიდეს და ყველაზე ცნობისმოყვარე მოაზროვნეს აინტერესებდა, თუ რატომ არის ღამით ცა შავი. თუ სამყარო უსასრულოა და უსასრულო რაოდენობის, თანაბარზომიერად განლაგებულ ვარსკვლავებს შეიცავს, სადაც გავიხედავთ, ყველგან ვარსკვლავი უნდა იყოს, ღამის ცა კი - დღესავით ელვარე.

ეს „ოლბერსის პარადოქსის“ სახელით არის ცნობილი, გერმანელი ასტრონომის, ჰაინრიხ ოლბერსის სახელის მიხედვით, რომელმაც 1826 წელს აღწერა ეს პრობლემა (თუმცა, არა პირველმა).

რეალურად, სწორი პასუხი ამ კითხვაზე ჯერჯერობით არავის აქვს. შესაძლოა, ვარსკვლავების რაოდენობა განსაზღვრულია, ან შესაძლოა, ყველაზე შორი ვარსკვლავებიდან წამოსულ სინათლეს ჩვენამდე ჯერ არც მოუღწევია. ოლბერსის ახსნა იმაში მდგომარეობდა, რომ წარსულის რაღაც პერიოდში ყველა ვარსკვლავი არ კაშკაშებდა და რომ რაღაცამ აანთო ისინი.

პირველად ედგარ ალან პომ გამოთქვა მოსაზრება პროზად დაწერილ წინასწარმეტყველურ ლექსში „ევრიკა“ (1848), რომ უშორესი ვარსკვლავებიდან სინათლე ჯერ ისევ გზაშია.

2003 წელს კოსმოსური ტელესკოპის - „ჰაბლის“ ე. წ. Ultra Deep Field კამერა ღამის ცაში ყველაზე ცარიელ ადგილს დაუმიზნეს. ფირის გამჟღავნება მილიონი წამი (დაახლოებით თერთმეტი დღე) გრძელდებოდა.

შედეგად მიღებულმა სურათმა აჩვენა ათობით ათასი მანამდე უცნობი გალაქტიკა. თითოეული მათგანი მოიცავდა სამყაროს ბუნდოვანი კიდეებისკენ გადაჭიმულ ასობით მილიონ ვარსკვლავს.