ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით IV საუკუნის შემდეგ თითქმის არავის და არსად სჯეროდა, რომ დედამიწა ბრტყელია. და მაინც, რომ მოინდომოთ დედამიწის ბრტყელი დისკოს სახით წარმოდგენა, საბოლოოდ გაეროს დროშის მსგავს სურათს მიიღებთ.
შეხედულება ბრტყელ დედამიწაზე, სინამდვილეში, შესაძლოა, არც წარმოშობილა მეცხრამეტე საუკუნემდე. მიზეზად იქცა ვაშინგტონ ირვინის ნახევრად ბელეტრისტული „ქრისტეფორე კოლუმბის ცხოვრება და მოგზაურობანი“, რომელშიც გამოთქმულია არასწორი ვარაუდი, თითქოს კოლუმბის ექსპედიცია დედამიწის სიმრგვალის დასამტკიცებლად იყო მოწყობილი (1828).
ბრტყელ დედამიწასთან დაკავშირებით სერიოზული მოსაზრება პირველად წინ წამოსწია ექსცენტრულმა ინგლისელმა სემუელ ბირლი რობერტმა, მან თექვსმეტგვერდიანი სტატია გამოაქვეყნა სათაურით: „ასტრონომიის შეცნობა: რამდენიმე ექსპერიმენტის აღწერა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ზღვის ზედაპირი იდეალურად ბრტყელია და რომ დედამიწა არაა სფეროსებრი“.
საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, სამეფო ასტრონომიული საზოგადოების წევრმა და ეკლესიის ფანატიკოსმა სემუელ შენტონმა „მსოფლიო შეცნობის საზოგადოებას“ სახელი გადაარქვა და „ბრტყელი დედამიწის საერთაშორისო საზოგადოება“ უწოდა.
მეოცე საუკუნის 60-იან წლებში NASA-ს მიერ განხორციელებულ კოსმოსურ პროგრამებს, რისი კულმინაციაც მთვარეზე დაჯდომა იყო, საბოლოოდ უნდა დაემარხა ეს საკითხი, მაგრამ შენტონი თავისას არ იშლიდა. კოსმოსიდან გადაღებული სფერული დედამიწის ფოტოების თვალიერებისას მან ასეთი კომენტარი გააკეთა: „ადვილია იმის შემჩნევა, თუ როგორ შეუძლია ასეთ ფოტოგრაფიას გაუვარჯიშებელი თვალის მოტყუება“. მისი აზრით, მთვარეზე „აპოლოს“ დაჯდომა აშკარად იყო, არტურ კლარკის სცენარით გადაღებული ჰოლივუდური ტრიუკი. საზოგადოების წევრების რაოდენობა გაიზარდა.
შენტონი 1971 წელს გარდაიცვალა, თუმცა მანამდე მემკვიდრე შეარჩია საზოგადოების პრეზიდენტის პოსტზე. მისი ადგილი დაიკავა ახირებულმა, თუმცა ქარიზმატულმა ჩარლზ ჯონსონმა, რომელმაც აღნიშნული საზოგადოება დარაზმვის წერტილად აქცია ჰეროიკული „ანტისამეცნიერო“ მოძრაობისთვის. 1990-იანი წლების დასაწყისისთვის, საზოგადოების წევრთა რიცხვმა 3500-ს გადააჭარბა.
ჯონსონის ვარაუდით (რომელიც მოხავეს უდაბნოს ვრცელ დაბლობზე ცხოვრობდა და მუშაობდა), ჩვენ ვცხოვრობთ დისკოზე ჩრდილოეთ პოლუსით მის ცენტრში, რომელიც გარშემორტყმულია 45 მეტრის სიმაღლის ყინულის კედლის პერიმეტრით. მზისა და მთვარის დიამეტრი 50 კილომეტრია, ხოლო ვარსკვლავები „დაახლოებით იმ სიშორეზე არიან, როგორც სან-ფრანცისკო ბოსტონიდან“.
ჯონსონის საცხოვრისი უდაბნოში 1995 წელს დაიწვა, განადგურდა საზოგადოების მთელი არქივი და წევრთა სიები. ჯონსონი 2001 წელს გარდაიცვალა, რა დროისთვისაც საზოგადოება რამდენიმე ასეულ წევრამდე შემცირდა. დღეს ის მხოლოდ ინტერნეტ-ფორუმის სახით არსებობს www.theflatearthsociety.org, უამრავი რეგისტრირებული მომხმარებლით.