კოლუმბს არასოდეს უთქვამს, რომ დედამიწა მრგვალი იყო. მისი აზრით, ის მსხლის ფორმის იყო და რეალური ზომის დაახლოებით მეოთხედი.
მისი გვიანდელი რეპუტაციის მიუხედავად, 1492 წლის მისი მოგზაურობა არ ისახავდა მიზნად ახალი კონტინენტის აღმოჩენას. მას უნდა დაემტკიცებინა, რომ აზია ბევრად ახლოს მდებარეობდა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. იგი ცდებოდა.
სინამდვილეში, კოლუმბს არასოდეს დაუდგამს ფეხი ამერიკის კონტინენტზე - იგი მას ყველაზე მეტად ბაჰამის კუნძულებზე მიუახლოვდა (სავარაუდოდ, პატარა კუნძული „პლანა-კეისი“) – მაგრამ თავის ეკიპაჟს ფიცი დაადებინა: თუ ჰკითხავდნენ, უნდა ეპასუხათ, რომ ინდოეთს მიაღწიეს. ის 1506 წელს ვალიადოლიდში გარდაიცვალა და ბოლომდე სჯეროდა, რომ აზიის სანაპიროს მიაღწია.
კოლუმბის შესახებ ბევრი რამ გაურკვეველია. ცნობების მიხედვით, იგი გენუელი ფეიქრის, დომენიკო კოლუმბოს ვაჟი გახლდათ, თუმცა სხვადასხვა ვარაუდით, იგი იყო ესპანელი (კატალონიელი ბარსელონიდან, რის გამოც მას ბარსელონაში მონუმეტიც კი უდგას), სეფარდი ებრაელი, კორსიკელი, პორტუგალიელი და ბერძენიც კი.
სხვათა შორის, მისი მონუმენტი ბარსელონაში (ამ ტექსტის გამხსნელი სურათი) ისე დგას, რომ კოლუმბი ხელით სამხრეთ-აღმოსავლეთს მიათითებს და არა დასავლეთს, სადაც ამერიკის კონტინენტებია. არადა, ბევრ ტურისტს ჰგონია, რომ კოლუმბის ხელის მიმართულებას თუ გაყვება ამერიკაში მოხვდება. რეალურად, ეს მიმართულება ალჟირში ამოგაყოფინებთ თავს.
ასეა თუ ისე, ზუსტად იციან, რომ კოლუმბის სასაუბრო ენა გენუის ერთ-ერთი დიალექტი (არა იტალიური) იყო. მოგვიანებით კი მან ლათინური წერა-კითხვა შეისწავლა და თავისუფლად საუბრობდა ესპანურად და ბერძნულად. მან საიდუმლო დღიურიც კი დაწერა ბერძნულ ენაზე.
ჩვენ არ ვიცით, თუმცა მისი ვაჟის მტკიცებით, ოცდაათი წლის ასაკამდე ის ქერა იყო, შემდეგ კი სრულიად გაჭაღარავდა.
ისიც კი არ ვიცით, სად არის კოლუმბი დასაფლავებული. ცნობილია, რომ მისი ჩონჩხი ხორცისგან გაასუფთავეს, რაც მიღებული იყო დიდებულებისთვის მეთექვსმეტე საუკუნეში და რომ ძვლები ჯერ ვალიადოლიდში დაკრძალეს, შემდეგ, გადმოცემის მიხედვით, სევილიის კარტუზიანთა მონასტერში, მოგვიანებით სანტა-დომინგოში, კუბაში, შემდეგ ჰავანაში და საბოლოოდ, თითქოს სევილიის საკათედრო ტაძარში (1898 წელს).
თუმცა ნეშტის ურნა მისი სახელით ჯერ ისევ არის სანტა-დომინგოში, ახლა კი გენუამ და პავიამაც განაცხადეს პრეტენზიები მისი ნეშტის ადგილსამყოფელზე. თუმცა, როგორც ჩანს, კოლუმბის, თუ კოლუმბოს, თუ კოლონის (როგორც თვითონ ერჩივნა) საბოლოო განსასვენებელი ისევე სადავო გახდება, როგორც მთელი მისი ცხოვრება და მიღწევები.