სწორი პასუხი რვა, 2006 წლის 24 აგვისტოს საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის გენერალურმა ასამბლეამ საბოლოოდ შეათანხმა „პლანეტის“ დეფინიცია. პლანეტები უნდა აკმაყოფილებდნენ სამ კრიტერიუმს: ბრუნავდნენ მზის ირგვლივ, ჰქონდეთ სფერული ფორმისთვის საჭირო საკმარისი მასა და „ასუფთავებდნენ სამეზობლოს“ თავისი ორბიტის გარშემო. პლუტონი მხოლოდ პირველ ორ მოთხოვნას აკმაყოფილებდა, ამიტომ „ჯუჯა პლანეტის“ სტატუსამდე ჩამოაქვეითეს.
ეს არ არის იდეალური გადაწყვეტილება (ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ არც დედამიწას, იუპიტერსა და ნეპტუნს გაუსუფთავებია თავიანთი ორბიტები), თუმცა ნამდვილად წყვეტს პლუტონის ანომალიური მდებარეობის საკითხს.
1930 წელს პლანეტის აღმომჩენებიც კი არ იყვნენ ბოლომდე დარწმუნებული მის სტატუსში და განიხილავდნენ როგორც ტრანს-ნეპტუნისეულ ობიექტს მზის სისტემის განაპირას, ნეპტუნის მიღმა.
პლუტონი ბევრად პატარაა ყველა სხვა პლანეტასთან შედარებით. მისი მასა მთვარის მასის მხოლოდ მეხუთედია, ზომით კი სხვა პლანეტების შვიდ თანამგზავრზე პატარა. იგი ოდნავ დიდი ზომისაა მისივე მთავარ თანამგზავრ ქარონთან შედარებით (პლუტონის კიდევ ორი, უფრო მომცრო თანამგზავრები - ნიქსი და ჰიდრა - 2005 წელს აღმოაჩინეს). მისი ორბიტა უცნაურია და სხვადასხვა დონეზეა სხვა პლანეტებთან მიმართებით, ხოლო შემადგენლობით სრულიად განსხვავებულია.
მზესთან ყველაზე ახლოს მყოფი ოთხი პლანეტა საშუალო ზომისაა და ქანებისაგან შედგება; დანარჩენი ოთხი აირის გიგანტებს წარმოადგენენ. პლუტონი ყინულის მომცრო ბურთია - ერთ-ერთია იმ არანაკლებ 60 000 პატარა, კომეტისებრ ობიექტს შორის, რომლებიც მზის სისტემის კიდეზე კოიპერის სარტყელს ქმნიან.
ყველა ამ ობიექტს (მათ შორის ასტეროიდებს, ტრანს-ნეპტუნისეულ და უამრავ სხვა ობიექტს) ერთად, მცირე პლანეტებს უწოდებენ. უკვე დაფიქსირებულია 371 670 ასეთი ობიექტი, ყოველდღიურად პოულობენ დაახლოებით 5000-ს. გაანგარიშებულია, რომ კილომეტრზე მეტი დიამეტრის მქონე ასეთი ციური სხეულები, შესაძლოა, 2 მილიონამდე იყოს. მათი უმეტესობა ძალიან პატარა ზომისაა იმისათვის, რომ პლანეტად მივიჩნიოთ.
ერთ-ერთი მათგანი, 2005 წელს აღმოჩენილი UB313 (რომელსაც ამჟამად ერისს უწოდებენ), პლუტონზე დიდი ზომისაა. ასევე სხვებიც, როგორიცაა სედნა, ორკუსი და კვავარი, მისგან დიდად არ განსხვავდებიან.
დღეს პლუტონი, ერისი და ცერერა - მარსსა და იუპიტერს შორის არსებულ ასტეროიდების სარტყელში უდიდესი მასა - ოფიციალურად აღიარებულია, როგორც პირველი სამი ჯუჯა პლანეტა.
ეს ცვლილება უპრეცედენტო არ არის. ცერერას, 1801 წელს მისი აღმოჩენის შემდეგ, პლუტონის მსგავსად, პლანეტად მიიჩნევდნენ. 1850-იან წლებში კი ასტეროიდად დააქვეითეს.
ამერიკულმა დიალექტის საზოგადოებამ, ვინმეს ან რაიმის ჩამოქვეითების, ან გაუფასურების აღსანიშნავად, 2006 წელს შემოიღო სიტყვა „ჩამოპლუტონება“.