ENG
რას სვამენ დელფინები?
1358 წაკითხვა
ავტორი:SEED საქართველო
Shutterstock

ისინი საერთოდ არ სვამენ. დელფინები უდაბნოს ცხოველებივით  არიან - მტკნარ წყალზე ხელი არ მიუწვდებათ. ისინი სითხეს საკვებიდან (უმთავრესად თევზი და კალმარი) და ორგანიზმის ცხიმების დაწვით იღებენ, რომლის დროსაც წყალი გამოიყოფა.

დელფინები იგივე ვეშაპები არიან - ცელნამგალა ვეშაპი დელფინის ოჯახის ყველაზე დიდი ზომის წევრია. ამ ვეშაპის სახელი შებრუნებული ესპანური სიტყვიდან „asesina-ballenas“-დან მოდის, რაც „ვეშაპის მკვლელს“ ნიშნავს. მათ ეს სახელი იმიტომ უწოდეს, რომ ისინი ზოგჯერ ზომით უფრო დიდ ვეშაპებზე ნადირობენ.

რეპუტაცია პლინიუს-უფროსმაც გაუფუჭა. მისი თქმით, ცელნამგალა ვეშაპს „სხვა აღწერილობა არ შეესაბამება, თუ არა სასტიკი კბილებით შეიარაღებული ხორცის უზარმაზარი მასა“.

დელფინებს 260-მდე კბილი აქვთ, ყველა სხვა ძუძუმწოვარზე მეტი. ამის მიუხედავად, ისინი თევზს მთლიანად ყლაპავენ. ისინი კბილებს მხოლოდ მსხვერპლის ჩასავლებად იყენებენ.

ძილის დროს დელფინები თავის ტვინის ერთ ნახევარსფეროს თიშავენ და ხუჭავენ საპირისპირო თვალს. ტვინის მეორე ნახევარი ფხიზელი რჩება, ხოლო მეორე თვალი მტაცებლებსა და დაბრკოლებებს ირიდებს და არ ავიწყდება წყლის ზედაპირზე ამოსვლა ჩასასუნთქად. ორი საათის შემდეგ მხარეები იცვლება. ამ პროცედურას “logging” ეწოდება.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტი ინტენსიურად იყენებდა დელფინებს ვიეტნამის ომში, ამჟამად ასამდე დელფინი და 30 ზღვის სხვა ძუძუმწოვარი ჰყავთ. არც ისე დიდი ხნის წინ ერაყში ექვსი ზღვის ლომი გაგზავნეს სპეცდანიშნულების ძალებში ჩასარიცხად.

ქარიშხალ „კატრინას“ შემდეგ გავრცელდა ჭორი, რომ სამხედრო ფლოტში გაწვრთვნილი 36 მოიერიშე დელფინი გაიქცა და ისინი ზღვაში შხამიანი ისრის სასროლი თოფებით შეიარაღებულნი დაძრწოდნენ. ეს ხმები უფრო გამონაგონი უნდა ყოფილიყო: ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „სამხედრო“ დელფინებს საიერიშოდ კი არ წვრთნიან, არამედ საგნების საპოვნელად.

689
ცელნამგალა ვეშაპი (Orcinus orca)