კომუნიკაციისთვის. ფუტკრები ბზუილს ისევე იყენებენ, როგორც სხეულის მოძრაობებს, ანუ „ცეკვას“ - ინფორმაციის გადასაცემად. დაადგინეს ათი განსხვავებული ბგერა. ზოგიერთი მათგანი კონკრეტულ საქმიანობასთან არის დაკავშირებული.
ყველაზე აშკარა დანიშნულება „ვენტილაციაა“ სკის გასაგრილებლად. ის ხმამაღალი და თანაბარია (დაახლოებით 250 დარტყმა წამში), რასაც თვითონ სკა აძლიერებს. ასევე ფუტკრები უფრო ხმამაღლა ბზუიან საფრთხის შესატყობინებლად (თუ სკას მიუახლოვდებით, ადვილად შეამჩნევთ ტონის ცვლილებას), რასაც წამში 500-დარტყმიანი თანმიმდევრული ვიბრაცია მოჰყვება იმის სანიშნებლად, რომ „ყველაფერი წესრიგშია“ და სკა უნდა დაწყნარდეს.
დედა-ფუტკარს ბგერების განსაკუთრებით მდიდარი დიაპაზონი აქვს. ახალი დედა-ფუტკრის გამოჩეკისას ის მაღალი ტონალობის წრიპინის მსგავს ბგერებს გამოსცემს. მისი დები (ჯერ ისევ თავიანთ უჯრედებში) პასუხობენ ყიყინის მსგავსი ძახილით. ამით ისინი დიდ შეცდომას უშვებენ: დედა ფუტკარი მხოლოდ ერთი უნდა იყოს. ამ ბგერების მეგზურობით, გამოჩეკილი დედა-ფუტკარი სათითაოდ ამოათრევს მათ უჯრედებიდან და ან სიკვდილამდე დანესტრავს, ან უბრალოდ თავს წააცლის.
სმენისთვის ფუტკრები ფეხებს იყენებენ: ხმოვანი „შეტყობინებები“ სკაში ვიბრაციის ინტენსივობის საშუალებით გადაეცემა. თუმცა ფუტკრების ანტენების ამასწინანდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ქიმიური რეცეპტორების მსგავსად, რომელსაც „ყნოსვისთვის“ იყენებენ, ანტენები დაფარულია ყურის დაფის აპკის მსგავსი ფირფიტებით, რომლებიც შესაძლოა „ყურები“ იყოს.
ეს ახსნიდა, თუ რატომ ეხებიან სხვა მუშა ფუტკრები ანტენებით მოცეკვავე ფუტკრის გულმკერდს და არა მოქანავე მუცელს „მუცლით ცეკვის“ დროს - მათ ესმით და არა ხედავენ მიმართულებას ნექტრისკენ. სკაში ხომ ბნელა.
უფრო მეტად სადავოა, თუ როგორ ბზუიან ფუტკრები. ბოლო ხანებამდე ძირითადი თეორია მდგომარეობდა იმაში, რომ ისინი იყენებენ გვერდებზე არსებულ თოთხმეტ სასუნთქ ხვრელს („სასულეები“), როგორც მესაყვირე აკონტროლებს თავის ინსტრუმეტის ხმას ტუჩებით.
კალიფორნიის უნივერსიტეტის ენტომოლოგებმა წყალი შეუყენეს ამ თეორიას, მათ ფრთხილად დაბლოკეს სასულეები. ფუტკრები მაინც ბზუოდნენ.
უახლესი ჰიპოთეზის მიხედვით, ბზუილი ნაწილობრივ გამოწვეულია ფრთების ვიბრაციით, რასაც გარკვეული დოზით გულმკერდიც აძლიერებს. ფრთების შეკრეჭის შემდეგ, ფუტკარი არ წყვეტს ზუზუნს, თუმცა იცვლება მისი ტემბრი და ინტენსივობა.