პირველი ძუძუმწოვრები ღამეულ ცხოვრებას მისდევდნენ. ამ ქცევით ისინი დღისით აქტიურ დინოზავრებთან შეხვედრას არიდებდნენ თავს. ღამის წყვდიადში ცხოვრებამ მათ სიბნელეზე მორგებული თვალისა და ყურის აპარატი განუვითარა.
პრიმატები (მათ შორის ადამიანი) ერთადერთი დღიური ძუძუმწოვრები არიან, რომლებსაც ჩამოუყალიბდათ განსხვავებული ტიპის თვალი, დაახლოებით ისეთი, როგორიც დღისით აქტიურ სხვა ცხოველებს აქვთ (ფრინველებს, რეპტილიებს). როგორც თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერი, კვლევის თანაავტორი როი მაორი ამბობს: „უბრალოდ, მსგავსი ადაპტაცია დანარჩენ დღის ძუძუმწოვრებს არ განუვითარდათ“.
66 მილიონი წლის წინ დინოზავრები და დედამიწაზე არსებული სიცოცხლის მესამედი მასობრივად განადგურდა. გადარჩენილი ძუძუმწოვრებიდან, პირველმა პრიმატების საერთო წინაპარმა შეიძინა მკაცრად განსაზღვრული დღის ცხოვრების რეჟიმი. დღისით ცხოვრებაზე ადაპტაციისთვის ჩვენ გვქონდა ყველაზე დიდი დრო, 52 მილიონი წელი. სხვა თანამედროვე ძუძუმწოვართა უმრავლესობა კი, ისევ ღამითაა აქტიური ან ახასიათებს შერეული ცხოვრების წესი.
2017 წლის ნოემბერში ჟურნალ „Nature Ecology & Evolution“-ში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს ძლიერ კორელაციას დინოზავრების გადაშენებასა და დღის ცხოვრების ევოლუციას შორის ძუძუმწოვრებში. ამგვარი კავშირის მიუხედავად, მკვლევრებს მაინც რჩებათ კითხვები ამ ორი მოვლენის ურთიერთკავშირზე.