2002 წლის კვლევამ, რომლის შედეგები „BJU International“-ში გამოქვეყნდა, დაამტკიცა, რომ ფეხსაცმლის ზომასა და პენისის ზომას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. ლონდონში, ღვთისმშობლის სახელობის ჰოსპიტალსა და საუნივერსიტეტო კოლეჯის ჰოსპიტალში, ექთნებმა 104 მამაკაცის ფეხის ზომა და პენისის სიგრძე გაზომეს. ყველა შემთხვევაში, გაზომვამდე პენისს „ნაზად ჭიმავდნენ“, ხოლო შემდეგ კი „ნაზად იწვევდნენ“ ერექციას. დიდტერფიან მამაკაცთა უმრავლესობის სამწუხაროდ, მათ ვერანაირი კორელაცია ვერ აღმოაჩინეს ფეხის ზომასა და პენისის ვერცერთ მდგომარეობას შორის.
წინა კვლევები, რომლებიც თითქოს ამ ორ მონაცემს შორის გარკვეულ კავშირზე მიუთითებდნენ, ეყრდნობოდა მამაკაცების უბრალო გამოკითხვას ინტიმური დეტალების შესახებ და არა რაიმე მყარ მტკიცებულებებს.
საშუალო კავკასიელი მამაკაცის პენისი მოდუნებულ მდგომარეობაში 8,9 სანტიმეტრია, ხოლო ერეგირებული - 12,9 სმ (არ შეშინდეთ ქართველებო! ეს გასაშუალოებული ზომაა!).
პენისების უმეტესობა ზრდას წყვეტს, როცა მათი მფლობელი მეთექვსმეტე წელშია, თუმცა არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ საშუალო ასაკში იგი დაპატარავებას იწყებს. მამაკაცების უმეტესობას, ვინც პენისის გადიდებას მიმართავს, რეალურად ის საშუალო ზომის აქვს, ვიდრე პატარა. თუმცა ეჭვგარეშეა, რომ მათ, ვინც ასეთ ოპერაციებს აკეთებს, კარგი მიზეზი აქვთ, რომ პაციენტებს სხვაგვარად აფიქრებინონ.
კიდევ უფრო საკვირველია, რომ ადამიანების უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს საკუთარი ფეხის ზომის შესახებ და სხვა ზომის ფეხსაცმელი აცვია. ჩიკაგოს პედიატრიული მედიცინის კოლეჯის ქირურგიის პროფესორის დევიდ არმსტრონგის თანახმად, ადამიანების ¾-ს არასწორი ზომის ფეხსაცმელი აცვია. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ მათ ახალგაზრდობისდროინდელი ფეხის ზომა ახსოვთ და ვერ აცნობიერებენ, რომ ცხოვრების განმავლობაში ფეხი ფორმას იცვლის ან, შესაძლოა, მიზეზი ის იყოს, რომ თანხას ანიჭებენ მნიშვნელობას და იმ ფეხსაცმელს იცვამენ, რომელიც არ ერგებათ.
ექიმი ორთოპედები (ჩვენთვის გასაგებ ენაზე „ტერფის ექიმები“) გვირჩევენ, რომ სანამ ფეხსაცმელს შევიძენთ, ჯერ მოვიზომოთ და არ დავეყრდნოთ სტანდარტულ ზომებს, რადგან ყოველ ბრენდს ოდნავ განსხვავებული ზომები აქვს, თუმცა თავს იკავებენ, რომ სხვადასხვა ფეხისთვის სხვადასხვა ზომის ფეხსაცმლის ყიდვა გვირჩიონ.
ალტერნატიული ვარიანტია, რომ საერთოდ არ ჩაიცვათ ფეხსაცმელი. ის სინამდვილეში ცუდია თქვენთვის. 2007 წელს პედიატრიულ ჟურნალში „The Foot“ გამოქვეყნდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩატარებული კვლევის შედეგები. კვლევამ 180 ადამიანის ტერფი შეისწავლა სამი განსხვავებული ეთნიკური ჯგუფიდან (ბასუტო, ზულუსები და ევროპელები) და 2000 წლის წინანდელ ჩონჩხებს შეადარა. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ფეხსაცმლის გამოგონებამდე ადამიანებს უფრო ჯანმრთელი ტერფები, სახსრები და მიხრა-მოხრა ჰქონდათ. შესწავლილი სამი ჯგუფიდან ყველაზე ჯანმრთელი ტერფები ზულუსებს აღმოაჩნდათ, რომლებიც ხშირად დადიან ფეხშიშველი.