ENG
როგორია დღის ხანგრძლივობა?
3656 წაკითხვა
ავტორი:SEED საქართველო
Shutterstock

გააჩნია. ერთი დღე დედამიწის ერთი შემობრუნებაა საკუთარი ღერძის გარშემო. ის არასოდეს არის ზუსტად 24 საათის ხანგრძლივობის.

საოცარია, მაგრამ ის შეიძლება იყო მთელი 50 წამით მოკლე ან გრძელი. ამის მიზეზი ისაა, რომ დედამიწის ბრუნვის სიჩქარე მუდმივად იცვლება მიქცევა-მოქცევებით, ამინდითა და გეოლოგიური მოვლენებით გამოწვეული რყევების შედეგად.

წლის განმავლობაში, საშუალო დღე 24 საათზე 1 წამით ნაკლები დროის მონაკვეთია.

როდესაც დროის ატომური სტანდარტი დადგინდა, ეს განსხვავებებიც დაფიქსირდა. მაშინ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ხელახლა განესაზღვრათ წამი, რომელიც მანამდე იყო დღე-ღამის 1/86400 ნაწილი.

1967 წელს შემოიღეს წამის ახალი განსაზღვრება. ის განისაზღვრა, როგორც „გამოსხივების 9 192 631 770 პერიოდის ხანგრძლივობა, რომელიც შეესაბამება ცეზიუმ-133 ატომის სტანდარტული მდგომარეობის ორ ზეზუსტ დონეს შორის გადასვლას“. ზედმიწევნითაა ჩამოყალიბებული, თუმცა არც ისე ადვილი წარმოსათქმელია, როდესაც დაღლილი ხართ ხანგრძლივი დღის შემდეგ.

წამის ეს ახალი დეფინიცია ნიშნავს, რომ დღე-ღამე თანდათან სცილდება ატომურ დღეს, შედეგად, მეცნიერებმა ატომურ წელიწადში „საკოორდინაციო წამი“ შეიტანეს, რათა იგი მზის წელიწადთან შესაბამისობაში მოსულიყო.

ბოლო „საკოორდინაციო წამი“ დაამატეს (მეშვიდედ მას შემდეგ, რაც დაადგინეს „კოორდინირებული უნივერსალური დრო (UTC) 1972 წელს) 2005 წლის 31 დეკემბერს დედამიწის ბრუნვის საერთაშორისო სამსახურის (IERS) ინსტრუქციის მიხედვით, რომელიც პარიზის ობსერვატორიაშია განთავსებული.

ეს კარგი ამბავია ასტრონომებისთვის და ყველასთვის, ვისაც სურს, რომ ჩვენი საათები მზის გარშემო დედამიწის მოძრაობას შეესაბამებოდნენ, თუმცა ცუდია კომპიუტერული პროგრამებისა და თანამგზავრებზე დაფუძნებული ყველა ტექნოლოგიებისთვის.

ამ იდეას მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირი, რომელმაც 2007 წლის დეკემბერში ოფიციალური წინადადება შეიტანა „საკოორდინაციო წამის“ გასაუქმებლად.

ერთი კომპრომისი შეიძლება იყოს, რომ დაველოდოთ, სანამ განსხვავება მსოფლიო კოორდინირებულ დროსა და გრინვიჩის დროს შორის ერთ საათს მიაღწევს (დაახლოებით 400 წელიწადში) და შემდეგ მოვაწესრიგოთ ის. ამასობაში კი გრძელდება დებატები იმის თაობაზე, თუ რას წარმოადგენს „რეალური“ დრო.