ENG
რომელი ცხოველი გაუშვეს პირველად კოსმოსში?
1961 წაკითხვა
ავტორი:SEED საქართველო
Shutterstock

სწორი პასუხია ხილის ბუზი.

ეს პაწაწინა ასტრონავტები სიმინდის მარცვლებთან ერთად მოათავსეს ამერიკულ რაკეტა V2-ზე და 1946 წლის ივლისში კოსმოსში გაუშვეს. მათ იყენებდნენ მაღალ სიმაღლეებზე რადიაციის ზემოქმედების შედეგების საკვლევად.

ხილის ბუზი ლაბორატორიების ფავორიტია. ადამიანის დაავადების გამომწვევი გენების სამი მეოთხედი ხილის ბუზის გენეტიკურ კოდს ემთხვევა. ისინი ასევე იძინებენ ყოველ ღამით, ანალოგიურად რეაგირებენ ძირითად საანესთეზიო საშუალებებზე და, რაც ყველაზე კარგია, ძალიან სწრაფად მრავლდებიან. ორიოდ კვირაში სრულიად ახალი თაობის მოცემა შეუძლიათ.

კოსმოსი განისაზღვრება, როგორც 100 კმ-ის ზევით სივრცე. ბუზების შემდეგ იქ ჯერ ხავსი გაგზავნეს, შემდეგ კი მაიმუნი.

1949 წელს, კოსმოსში გაშვებული პირველი მაიმუნი იყო ალბერტ II, რომელმაც 134 კილომეტრ სიმაღლემდე მიაღწია. მისი წინამორბედი ალბერტ I, ერთი წლით ადრე, სულის შეხუთვით დაიღუპა, სანამ 100-კილომეტრიან ბარიერს მიაღწევდა. საუბედუროდ, დაიღუპა ალბერტ II-ც, როდესაც მიწაზე დაშვებისას მის კაფსულას პარაშუტმა უმტყუნა.

პირველად მაიმუნი კოსმოსიდან უვნებლად 1951 წელს დაბრუნდა. ეს ალბერტ VI-მ და მისმა თერთმეტმა კომპანიონმა თაგვმა მოახერხეს (თუმცა ის 2 საათის შემდეგ დაიღუპა).

საზოგადოდ, კოსმოსის პიონერი მაიმუნები არ გამოირჩეოდნენ დღეგრძელობით, გარდა საიმირის - ბეიკერის საპატიო გამონაკლისისა, რომელმაც 1959 წლის მისიის შემდეგ, 25 წელი იცოცხლა.

რუსები უპირატესობას ძაღლებს ანიჭებდნენ. ორბიტაზე გასული პირველი ცხოველი იყო ლაიკა რაკეტა „სპუტნიკ 2-ზე“ (1957), რომელიც სითბური სტრესისგან დაიღუპა ფრენის დროს. კოსმოსში კიდევ, სულ ცოტა, ათი ძაღლი გაუშვეს, სანამ იქ 1961 წელს პირველი ადამიანი, იური გაგარინი გაფრინდებოდა. ექვსი ძაღლი ცოცხალი გადარჩა.

რუსებმა ასევე პირველი ცხოველი გაგზავნეს ღრმა კოსმოსში 1968 წელს. ეს გახლდათ ევროპული ხმელეთის კუ და ის გახდა პირველი ცოცხალი არსება, ვინც მთვარეს შემოუფრინა (უსწრაფესი კუ მსოფლიოში).

კოსმოსში გაშვებულ სხვა ცხოველებს შორის იყვნენ შიმპანზეები (ყველა გადარჩა), ზღვის გოჭები, ბაყაყები, ვირთაგვები, კატები, კრაზანები, ხოჭოები, ობობები და ძალიან ამტანი თევზი Fundulusheteroclitus-ი. იაპონიიდან კოსმოსში გაგზავნილი პირველი ცხოველები იყვნენ ტრიტონები 1985 წელს.

2003 წელს კოსმოსური შატლის „კოლუმბიის“ კატასტროფის დროს გადარჩნენ მხოლოდ ნემატოდები, რომლებიც შატლის ლაბორატორიის ნანგრევებში იპოვეს.

44
დროზოფილა (იგივე ხილის ბუზი) - Drosophila melanogaster