ჰავაიში 1907 წელს მიღებული კანონის მიხედვით, ქალაქი ჰონოლულუ და ამავე სახელწოდების ოლქი ერთი და იგივეა. ოლქი მოიცავს არა მარტო მთავარი კუნძულის - ოაჰუს დანარჩენ ნაწილს, არამედ ჰავაის ყველა ჩრდილო-დასავლეთ კუნძულსაც, რომლებიც 2400 კილომეტრზეა გადაჭიმული წყნარ ოკეანეში.
ეს ნიშნავს, რომ ჰონოლულუ უდიდეს ტერიტორიაზე - 5509 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოსახლეობა მხოლოდ 876 156 ადამიანია. ქალაქის 72%-ს ზღვის წყალი ფარავს.
მსოფლიოს ყველაზე მეტად დასახლებული ქალაქია მუმბაი (ყოფილი ბომბეი) 440 კვადრატულ კილომეტრზე მცხოვრები 12,8 მილიონი ადამიანით. მოსახლეობის სიმჭიდროვე საოცრად დიდია - 29 042 მოსახლე ყოველ კვადრატულ კილომეტრზე. თუ ქალაქის გარეუბნებსაც მივიღებთ მხედველობაში, ყველაზე მეტად დასახლებული ქალაქი გამოდის ტოკიო 13 500 კვადრატულ კილომეტრზე მცხოვრები 35,2 მილიონი ადამიანით.
ჰონოლულუ ჰავაის დედაქალაქია. ის კუნძულ ჰავაიზე კი არ მდებარეობს, არამედ ოაჰუზე - რომელიც ბევრად პატარაა, თუმცა უფრო მჭიდროდ დასახლებული. ჰავაი ყველაზე განცალკევებული დასახლებული ცენტრია მსოფლიოში.
ჰავაის არქიპელაგის კუნძულები მსოფლიოს უდიდესი ქედის მწვერვალებს წარმოადგენენ. ჰავაი აშშ-ის ერთადერთი შტატია, სადაც ყავა მოჰყავთ. მსოფლიოს ანანასის მესამედზე მეტი ჰავაიზე მოდის. ჰავაის მოსახლეობა „Spam“-ის ბრენდის კონსერვირებული ხორცის ყველაზე დიდი მომხმარებელია მსოფლიოში. ისინი შვიდ მილიონ ქილას მიირთმევენ წელიწადში.
კონსერვის პოპულარობა გამოცანად რჩება, თუმცა სავარაუდოდ იგი გამოიწვია აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობამ ომის პერიოდში და იმ ფაქტმა, რომ დაკონსერვებული ხორცი მოსახერხებელია ქარიშხლის დროს. კონსერვი შემწვარი ბრინჯით ჰავაის კლასიკური კერძია.
კაპიტანმა კუკმა 1778 წელს აღმოაჩინა ჰავაის კუნძულები და მათ სენდვიჩის კუნძულები უწოდა თავისი მთავარი დამფინანსებლის, სენდვიჩის გრაფის სახელის უკვდავსაყოფად. კუკი ჰავაიზე 1779 წელს მოკლეს.
მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდე კუნძულები ჰავაის სამეფოდ იწოდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰავაი 1900 წელს ამერიკული ტერიტორია, ხოლო 1959 წელს 50-ე შტატი გახდა, ის აშშ-ის ერთადერთი შტატია, რომელიც დროშაზე დიდი ბრიტანეთის დროშის სიმბოლიკას იყენებს.