მსოფლიოში დაახლოებით 52 მილიარდი ქათამია: ანუ ერთ ადამიანზე მოდის თითქმის ცხრა. მათი 75% იჭმევა, თუმცა თითქმის 3000 წლის განმავლობაში ქათმებს ძირითადად კვერცხისთვის ზრდიდნენ. ბრიტანეთში რომაელების შესვლამდე არავის მოსვლია აზრად ფრინველის მირთმევა.
მსოფლიოს ყველა ქათამი წარმოიშვა ხოხბის სახეობის - ბანკივური ქათმისგან (Gallus gallus gallus), რომლის სამშობლო ტაილანდია. მისი უახლოესი თანამედროვე ნათესავია მეომარი მამალი, რომელსაც მამლების ჩხუბისთვის წვრთნიან.
ქათმისა და კვერცხის მასობრივი წარმოება დაახლოებით 1800 წლიდან დაიწყო. ქათმების საკვებად გამოყენება, როგორც კვერცხის წარმოების მეორადი პროდუქტისა, ისე დაიწყეს. ევროპაში, დიდი ხნის განმავლობაში, მხოლოდ იმ ასაკოვან ქათმებს კლავდნენ და ყიდდნენ, რომლებიც ვეღარ იძლეოდნენ საკმარისი რაოდენობის კვერცხს.
სელექციისა და ჰორმონების დამატების შედეგად, დღეს ქათმის ზრდის დასრულებას 40 დღეზე ნაკლები სჭირდება, რაც ორჯერ ნაკლებია ზრდის ბუნებრივ ტემპთან შედარებით.
მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე ქათმების 98% (მათ შორის ბიოქათმებიც) სამი ამერიკული კომპანიის მიერ გამოყვანილი ჯიშებისგანაა მიღებული. მსოფლიოს ბროილერების („სახორცე ჯიშის ქათამი“) ნახევარზე მეტი არის „Cobb 500“, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში „Cob Breeding Co“-მ გამოიყვანა.
ქათამი ამერიკაში საერთოდ არ იყო 1500 წლამდე. ისინი იქ ესპანელებმა შეიყვანეს.
დიდ ბრიტანეთში ქათმების 1/3-ზე მეტს ერთი შოტლანდიური კომპანია Grampian Country Foods Group-ი აწარმოებს. ის სუპერმარკეტების ყველა მთავარ ქსელს ამარაგებს და კონსერვატიული პარტიის ძირითადი დონორია; კვირაში 3,8 მილიონ ქათამს გადაამუშავებს მისი კუთვნილი რვა დიდი კომპანიის მეშვეობით, რომელთაგან ერთი ტაილანდშია. მათი დევიზია: „ტრადიციული სიკეთე“.
საკვები დანიშნულებით, ძირითადად, დედლები იყიდება. საკვებად გასაყიდი მამლები კასტრირებულნი არიან და მათ ყვერულებს უწოდებენ. დღეს კასტრაცია ქიმიური გზით კეთდება, ჰორმონების საშუალებით, რომლებიც სათესლე ჯირკვლების ატროფიას იწვევს.
ქათმის ფეხების სამრეწველო ტერმინია „თათები“, ამერიკიდან მისი უმეტესი ნაწილი ჩინეთში გადის ექსპორტზე, თუმცა თვით ჩინეთში 3 მილიარდი ქათამია.