ლურჯი ვეშაპი? ცდებით! ეს სოკოა! თაფლის სოკო უდიდესი ორგანიზმია პლანეტაზე.
ალბათ, თქვენს ბაღშიც გინახავთ ხის გამხმარ კუნძზე ამოზრდილი ე. წ. თაფლის სოკოს (Honey fungus) სხვადასხვა სახეობა (Armillaria spp). თქვენთვისვე იქნება უკეთესი, თუ ის იმ ზომამდე არ გაიზრდება, როგორც ორეგონის შტატის ცისფერი მთებში (Blue Mountains) მოხდა, რადგან თაფლის სოკო ყველაზე დიდი ცოცხალი ორგანიზმია პლანეტაზე. ორეგონში მისი „სხეული“ 890 ჰექტარს ფარავს.
ფოტოზე თითქოს მრავალი სოკოა. თავიდან ფიქრობდნენ, რომ ორეგონის გიგანტური თაფლის სოკო ტყეში მზარდი სხვადასხვა ჯგუფი იყო, თუმცა მკვლევრებმა უკვე დაადასტურეს, რომ ეს ნიადაგის ქვეშ შეკავშირებული სოკო მსოფლიოს უდიდესი ცალკე ორგანიზმია.
ამ სოკოს ერთ-ერთი სახეობა (Armillaria solipides) პლანეტის უხუცესიცაა. კვლევამ დაადგინა, რომ ყველაზე ხანდაზმული კოლონია დაახლოებით 8600 წლის უნდა იყოს.
სოკოს უმეტესი ნაწილი მიწისქვეშაა ბუსუსების მსგავსი თეთრი ფერის მიცელიუმის (ფესვის ანალოგი სოკოებში) მასიური ჭილობის სახით. მიცელიუმი ხეების ფესვებს ეხვევა და მათ ახმობს. პერიოდულად ნიადაგიდან თავს წამოყოფს და გულუბრყვილო იერით თაფლის სოკოების გროვებად გვევლინება.