Lineus Longissimus-ის სიგრძე 60 მეტრამდე აღწევს, რაც თითქმის ორჯერ მეტია ლურჯი ვეშაპის სიგრძეზე და მესამედით მეტი, ვიდრე წინა რეკორდსმენის, ყველაზე გრძელი ციანეას სიგრძე.
შეგიძლიათ ეს ჭია ოლიმპიური საცურაო აუზის ერთი ბოლოდან მეორემდე გაჭიმოთ და კიდევ მოგრჩეთ.
ეს ჭიები მიეკუთვნებიან ნემერტინების ოჯახს (ბერძნული სიტყვიდან Nemertea, რაც „ზღვის ნიმფას“ ნიშნავს). მათი 1000-ზე მეტი სახეობა არსებობს, რომელთა უმეტესობა წყალში ბინადრობს. ისინი გრძელი და თხელი ჭიები არიან: ყველაზე გრძელის დიამეტრი, შესაძლოა, სულ რამდენიმე მილიმეტრი იყოს.
მრავალი წყაროს მტკიცებით, ეს ჭია სიგრძეში მხოლოდ 30 მეტრს აღწევს, რაც ვერც გაუტოლდება მედუზა ციანეას სიგრძეს. თუმცა უახლოესი ინფორმაციის მიხედვით, მას გაწელვის არაორდინარული თვისება გააჩნია. აღმოჩენილია რამდენიმე მათგანი, რომელთა სიგრძე 50 მეტრზე მეტია ბოლომდე გაჭიმვისას.
განამარხებული ნაშთების მტკიცებულებებით, ისინი, სულ ცოტა, 500 მილიონი წელია არსებობენ.
მათ არ გააჩნიათ გული - სისხლი კუნთების საშუალებით იტუმბება - ისინი უმარტივესი ორგანიზმები არიან. მათ განცალკევებული პირი და ანუსი აქვთ.
ისინი გაუმაძღარი ხორცისმჭამელები არიან და გრძელ, თხელ მილს გამოისვრიან, რომელიც წებოვანია ან შეიარაღებული შხამიანი კაუჭებით პატარა ზომის კიბოსნაირთა წამოსაცმელად, ან დასარეტიანებლად. ეს მილი შეიძლება ჭიების სხეულზე სამჯერ უფრო გრძელი იყოს.
ამ ჭიების უმეტესობა ოკეანის ფსკერის წყვდიადში იმალება, თუმცა ზოგიერთი მათგანი საოცრად კაშკაშა შეფერილობისაა.
დაზიანების შემთხვევაში მათ რეგენერაცია შეუძლიათ. თუმცა ზოგიერთი სახეობა პატარა ნაწილებად დანაწევრებით მრავლდება, საიდანაც ახალი ჭიები მიიღება.