სინამდვილეში, ყველაზე უიღბლო თარიღია ორშაბათი, 27. ყოველ შემთხვევაში, ბრიტანეთისთვის.
ბრიტანეთის საავტომობილო ასოციაციის მიერ მილიონობით სადაზღვევო პრეტენზიის ანალიზმა გამოავლინა, რომ ავარიები ყველაზე ხშირად 27 რიცხვში ორშაბათობით ხდება სხვა დღეებთან შედარებით. მკვლევართა აზრით, ეს შესაძლოა პოსტ-უიკენდის და თვის ბოლოს გადაღლილობის ერთობლიობის შედეგი იყოს. სხვების აზრით, კი ამის მიზეზია ის, რომ ადამიანების უმეტესობა ხელფასს თვის ბოლო პარასკევს იღებს, რის გამოც მეტი შანსია, რომ შაბათ-კვირას დალევა ზედმეტი მოუვიდეთ.
13 რიცხვის პარასკევის შიშს (სრულიად უსაფუძვლოს) პარასკავედეკატრიაფობია ეწოდება. იგი ორი ცალკეული ცრურწმენისგან მომდინარეობს: რომ 13 თარსი რიცხვია, ასევე პარასკევიც. პარასკევის რეპუტაციას მიაწერენ იმ ფაქტს, რომ ამ დღეს იესო ჯვარს აცვეს, თუმცა ამ დღეს უიღბლოდ მიიჩნევენ ბუდისტები და ინდუისტებიც. ამის საპირისპიროდ, ძველ სკანდინავიელებს პარასკევი კვირის ყველაზე იღბლიან დღედ მიაჩნდათ, ხოლო სამხრეთ ევროპის ზოგიერთ რაიონში 13 რიცხვის სამშაბათის ეშინიათ. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ეს უკავშირდება კონსტანტინოპოლის დაცემას 1453 წლის 29 მაისის სამშაბათს.
მიუხედავად იმისა, რომ რომაელების, სკანდინავიელებისა და ბაბილონელების ტრადიციებშიც გვხვდება, თანამედროვე ევროპაში 13 რიცხვის შიში მხოლოდ მეჩვიდმეტე საუკუნის მიწურულს გაჩნდა, როდესაც თარსად ჩაითვალა 13 სტუმრის სადილზე დაპატიჟება საიდუმლო სერობიდან გამომდინარე. მე-19 საუკუნის პარიზში, ორგანიზაციის წევრები, რომელსაც „quatorziemes“ („თოთხმეტიანელები“) ერქვა, სადილისთვის იკრიბებოდნენ ხოლმე. ამასობაში ერთი წევრი 5-დან 9-საათამდე სახლში იჯდა სრულიად გამოწყობილი და მზად იყო სადილს შეერთებოდა თუ აღმოჩნდებოდა, რომ იქ ცამეტი სტუმარი იმყოფებოდა. რიცხვი 13-ის შიშის აღმნიშვნელი სიტყვა ტრისკაიდეკაფობია (ბერძნულიდან tris - სამი, kai - და, deka - 10 და phobia - შიში) შედარებით ახალია. ის პირველად 1911 წელს გაჩნდა.
მეორე მხრივ, სიქიზმში 13 იღბლიანი რიცხვია. ჩრდილოეთ ინდოეთის ზოგიერთ დიალექტში სიტყვა tera, რაც ცამეტს ნიშნავს, ასევე ნიშნავს „შენი“. არსებობს გადმოცემა, როდესაც სიქების რელიგიის დამაარსებელი გურუ ნანაკ დევი სახელმწიფო ბეღელში მცველად მუშაობდა, ის იღებდა საქონელს, თვლიდა თორმეტამდე და დანარჩენს უტოვებდა ღმერთს ან ურიგებდა კლიენტებს. როდესაც ის უკანონო მოქმედებებში დაადანაშაულეს და მისი ჩანაწერები შეამოწმეს, ისინი იდეალურ წესრიგში აღმოჩნდა.
13 აშკარად ღრმად მნიშვნელოვანი რიცხვი იყო შეერთებული შტატების დამაარსებელი მამებისთვის. არსებობდა ბრიტანეთის 13 კოლონია და პირველ ამერიკულ დროშაზე 13 ვარსკვლავი და ზოლი იყო გამოსახული. ახალი შტატის შეერთებისას დროშას ვარსკვლავი ემატებოდა, თუმცა ზოლები მასზე ისევ ცამეტია. ამერიკულ ერთდოლარიან კუპიურაზე წაკვეთილი პირამიდის 13 დონეა, 13 ზოლია დროშაზე, 13 ასო დევიზში „e pluribus unum“ („ერთი მრავალთაგან“), 13 ვარსკვლავია არწივის თავზე, 13 ფოთოლია ზეთის ხილის ხის ტოტზე, 13 ისარი უჭირავს არწივს და 13 ზოლია ფარზე.